LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში დენი 1 მარტიდან გაძვირდება

111

კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება  1 მარტიდან გაძვირდება.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დღეს  გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახეთის მოსახლეობა 1 მარტიდან ვეღარ ისარგებლებს ბიუჯეტის სუბსიდირებით და ამ რეგიონში ელექტროენერგიის ტარიფები საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ ფასებს გაუთანაბრდება.

„2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით  გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო,“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციაულურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას.

სამინისტროში  აზუსტებენ, რომ  1 მარტიდან მათზე გავრცელდება სუბსიდირების ის პროგრამა, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთის უკვე მოქმედებს.

„პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს. იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა  301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ,“- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები 2013  წლის 1 აპრილს სუბსიდირების ხარჯზე შემცირდა. 2015 წლის მესამე კვარტალში ელექტროენერგიის ტარიფი ისევ გაძვირდა, თუმცა ფასები უცვლელად დარჩა კახეთის რეგიონში. შესაბამისად, 2013 წლის  პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე  გამოიყო.

კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ საქართველოში ერთადერთი რეგიონული ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა, რომლის მართვასაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული გაკოტრების მმართველი ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები