LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახი კალაძის მერობის შემთხვევაში…“ – რა დაპირებები უნდა შეასრულოს ახალმა მერმა?

„კახი კალაძის მერობის შემთხვევაში…“  – ასე იწყებოდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახი კალაძის, საარჩევნო რგოლები,  რომლითაც მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაპირებებს 7 ძირითადი მიმართულებით აძლევდა.

წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებები პოლიტიკოსისთვის მთელი საარჩევნო ვადის  განმავლობაში დამოკლეს მახვილივით რჩება. ოპონენტებისთვის მთავარ კომპრომატს სწორედ მათი დარიგებული საარჩევნო ფლაერები წარმოადგენს.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, კანდიდატებს  შორის კახა კალაძე ლიდერობს. გუნდმა კანდიდატს და ერთმანეთს წარმატება უკვე მიულოცა , ქალაქი ახალი მერისგან ახალ პროექტებს ელოდება.  

რა უნდა შეგვისრულოს კალაძემ? „ფორტუნა“ კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებების ძირითად ნაწილს გახსენებთ,  რომლის შესრულებასაც ახალი მერისგან თბილისელები ელოდებიან.

ეკოლოგიური პოლიტიკა

ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას საკითხს, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მერობის ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.  იმისთვის, რომ თბილისმა ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, კახი კალაძემ, პროგრამის მიხედვით, შემდეგი ღონისძიებები უნდა განახორციელოს:

  • დაინერგება ჰაერის სისუფთავის მონიტორინგის ქმედითი სისტემა;
  • გამკაცრდება მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები;
  • მტკვრის დაბინძურების პრევენციაზე ზრუნვა (ნაგვის დამჭერი ბადეების მოწყობა დაა.შ)
  • თბილისის ყველა პარკისა და სკვერის   რეაბილიტაცია, თბილისის ზღვაზე და ვერეს ხეობაში მასშტაბური სარეკრეაციო ზონების მოწყობა.

 

სატრანსპორტო პოლიტიკა

თბილისისთვის კიდევ ერთი აქტუალური პრობლემა ტრანსპორტი და საცობებია.  

„ავტობუსით მგზავრობა სირცხვილი არ უნდა იყოს, ის უნდა გახდეს პოპულარული და კომფორტული  და  ამის პოპულარიზაციას პირველი მე გავაკეთებ,“  – ამბობდა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში კახა კალაძე .

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზებისა და სატრანსპორტო პრობლემის გადაჭრის მიზნით,  მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს;

  • საცობებისგან  ქუჩების განსატვირთად ტრანსპორტის მართვის ერთიანი სისტემის შექმნა;
  • მეტროს მოდერნიზაცია და მეტროს ახალი ხაზების პროექტირება;
  • ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკის სრულად განახლება;
  • ტაქსების სექტორის მოწესრიგება;
  • უნდა აშენდეს: ახალი ხიდი „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან სამტრედიის ქუჩამდე. ასევე  ესტაკადა ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირსა და  უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების მოწესრიგებისთვის, კალაძის დაპირებით, 700 მილიონ ლარს გამოყოფენ.

 

სოციალური სფერო

მერობის კანდიდატის სოციალური პოლიტიკა საარჩევნო დაპირებების ის სფეროა, რომლითაც ამომრჩევლის გულის მოგება ყველაზე მეტად  შეიძლება.  კალაძის დაპირებები ამ მიმართულებით ასე გამოიყურებოდა;

  • განახლდება სასწრაფო დახმარების ავტოპარკი;
  • მერიის 22 სოციალური პროგრამაზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება;
  • სოციალურად შეჭირვებულთათვის უფასო სასადილოებსა და რაციონზე 30 მილიონი ლარის დახარჯვა;
  • ინკლუზიური ქალაქი ყველა თაობისთვის –  მომდევნო 4 წლის განმავლობაში  უნდა მოხდეს თბილისის ადაპტირება და მაქსიმალურად მორგება შშმ პირთა საჭიროებებზე.

 

ეკონომიკური პოლიტიკა

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კახა კალაძის გეგმებში ამბიციური ეკონომიკური გეგმებიც შედის, მაგალითად:

  • ქალაქის ბიუჯეტის კახა კალაძის მერობის პერიოდში 1 მილიარდ ლარამდე ზრდა;
  • ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი მატება;
  • მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
  • ეკონომიკურად მომგებიანი პრივატიზაცია.

 

განათლება, კულტურა, სპორტი

სარეკლამო რგოლებში საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა კახა კალაძის დაპირებები  განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში. ამ მიმართულებებით კახა კალაძეს მერობის პერიოდში დაგეგმილი აქვს:

 

 

 

 

  • 20 ახალი საბავშვო ბაღის და 5 ახალი სპეციალიზებული სკოლის აშენება უფროსკლასელებისთვის;
  • ძველი რადიოქარხნის მრავალფუნქციურ რადიოქალაქად გარდაქმნა;
  • ქალაქის ყველა რაიონში განათლებისა და ახალგაზრდული ცენტრების შექმნა;
  • 10 მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

 

ურბანული პოლიტიკა

„ჩემი მერობის პირობებში მშენებლობის არცერთი ნებართვა არ გაიცემა, არცერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე ტერიტორიების,  კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის ხარჯზე,“ – სწორედ ასეთი მკაფიო, რადიკალური განცხადება გააკეთა კახა კალაძემ ქალაქის ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციისას.

  • მერობის 4-წლიანი ვადის პერიოდში მისი დაპირებებიდან გამომდინარე, თბილისელები ელოდებიან:
  • ქაოტური განაშენიანების რეგულირებას;
  • მშენებლობის სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას;
  • შენობების ფასადების, ქუჩების, განათების, სარეკლამო აბრებისა და ნავიგაციის ერთიანი სტანდარტის შემოღებას;
  • მშრალი ხიდის ტერიტორიის, ორბელიანის მოედნისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას.

ქალაქის ახლადარჩეულმა მერმა ეს ყველაფერი  მომდევნო ოთხ წელიწადში უნდა განახორციელოს და მისივე დაპირებით, „ქალაქი სიცოცხლით აივსება“.

 

თამუნა გოგუაძე

პოპულალურები