LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახური ღვინით იტალია დაინტერესდა: VELLINO წარმოების გაფართოებას გეგმავს

265

ახალდაფუძნებული ქართული ღვინის ბრენდით იტალია დაინტერესდა. კახეთში წარმოებული VELLINO-ს ღვინოები სატესტო რეჟიმში აღნიშნულ ქვეყანაში უკვე გაიგზავნა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როგორც ”ფორტუნას” VELLINO-ს დამფუძნებელმა ბექა ჯიმშელაძემ განუცხადა, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის დაინტერესება, კახეთის პატარა სოფელში ჩამოსხმული ღვინით, ახალი ბრენდისთვის უკვე დიდი წარმატებაა. ”ჯერჯერობით ექსპორტზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ღვინოს მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ. თუმცა, ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი უკვე არსებობს. გარდა იტალიისა, VELLINO-ს ღვინით რუსი იმპორტიორიც დაინტერესდა”, – აღნიშნა ჯიმშელაძემ.

მისივე ინფორმაციით, 2017 წელს VELLINO წარმოების გაფართოებას განიხილავს. ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის ღვინოს- საფერავს აწარმოებს. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან კი VELLINO-ს ბრენდის ქვეშ რქაწითელი და მანავის მწავნეც გამოვა.

”რაც შეეხება ღვინის წარმოების ტექნოლიგიას, ჩვენი ღვინო ისხმება ჩვენივე მარანში, ე.წ ევროპული ტექნოლოგიით. მიჩნეულია, რომ მარნის, თანაც კახური ღვინო რთულად დასალევია. ჩვენ გვინდოდა, რომ ისეთი პროდუქცია გვეწარმოებინა, რომელიც ნებისმიერი კატეგორიის, ასაკის მომხმარებელს მოეწონებოდა. VELLINO არის კახური ღვინო, დამზადებული კლასიკური, ანუ ევროპული ტექნოლოგიით. აქვს სპეციფიკური გემო, ფერი და სურნელი. ამასთან, საკმაოდ მსუბუქია დასალევად”, – აღნიშნა VELLINO-ს დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, გარდა წარმოების გაფართოებისა, კომპანიას კიდევ ერთი სიახლე აქვს მომხმარებლისთვის: კახეთში, სოფელ კაკაბეთში, სადაც VELLINO-ს მარანი მდებარეობს, იგეგმება სადეგუსტაციო სივრცის მოწყობა ტურისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის. ”პროექტი უკვე შედგენილია, სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ივნისიდან უკვე შევძლებთ სტუმრების მიღებას. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან, რომლებიც ჩვენთან ტურისტებს ჩამოიყვანენ”, – განმარტა ბექა ჯიმშელაძემ.

ცნობისთვის, VELLINO-ს მარანი კახეთში , სოფელ კაკაბეთში 2015 წელს შეიქმნა. ღვინის რეალიზაცია კი 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ამდროისთვის VELLINO-ს საფერავი თბილისის მასშტაბით ყველა დიდ ღვინის მაღაზიაში იყიდება. გასაყიდი ფასი 25-დან 30 ლარამდე მერყეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები