LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კალა კაპიტალი” ენმ-ს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

102

„კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორების განცხადებით, კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არანაირი გადარიცხვა არ განხორციელებულა. ამის შესახებ ნათქვამია „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორების განცხადებაში, რომლითაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. განცხადებას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები – ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ”ალფა ბანკში” გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების – ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე ”კალა კაპიტალ ლიმიტედისგან”(კვიპროსი) და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან, იგივე ”კალატოზასგან”, გარკვეული თანხა გადაირიცხა.