LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ჩვენ აღვადგენთ ფერფლიდან ყველაფერს

77

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვადრაში მონაწილეობა მიიღო და საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს სიტყვით მიმართა.

ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრები.

„ჩვენ აღვადგენთ ფერფლიდან ყველაფერს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს, ვინაიდან მხოლოდ განახლება, მხოლოდ თანამედროვე მსოფლმხედველობა, ჯანსაღი პატრიოტიზმი და ტოლერანტობა დაგვაბრუნებს ჩვენს ჩვეულ გარემოში”,– განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ძალაში შესვლის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები დაასრულა. კალაძის განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ძირითად პლატფორმას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ევროკავშირსა და მის ენერგეტიკულ ბაზარს.

“ენერგეტიკის სექტორის მაგალითი თვალსაჩინოს ხდის იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც საქართველო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, მიიღო ვიზალიბერალიზაცია და გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა.

ჩვენ, ხელისუფლების ყველა შტომ, საზოგადოების ყველა წევრმა, ყველამ თავის ადგილზე და თავისი კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებში ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ საქართველო გახდეს არა მარტო წევრი ევროპის დიდი ოჯახის, არამედ შეისისხლხორცოს, გაითავისოს და ქვეყნის პროგრესს მოახმაროს ყველა ის სიკეთე, რასაც ეს ოჯახი გვაძლევს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, 2017 წელს უკვე მეხუთედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ, ასევე, აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობს: ფართო საზოგადოება, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.

ევროპის დღეები გახლავთ წლის ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხზე მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები