LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე “გაზპრომზე” – “მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა”

52

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ამბობს, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ დაკავშირებით რაციონალური ნაბიჯები გადადგა, გამარგინალებული პირები კი „დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ“.

”ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უსარგებლობის გადასაფარად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ. წესით დღეს ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა „გაზპრომთან“ მიმართებაში. არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ამ მოლაპარაკებების შედეგი. ამ მოლაპარაკებებით ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ესაა ფაქტი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია”, – ვიცე-პრემიერმა.

კალაძე მიმართავს ყველა იმ პირს, ვინც ამ თემაზე აჟიოტაჟი ატეხა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება შესაძლებელია სასარგებლო საქმეებითაც.

”პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობის და გვერდით დგომის მოპოვება გსურთ, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული, აბსურდული ქმედებებით. იმედს ვიტოვებ, ეს ხარვეზი ისევ მოსახლეობის ჯანსაღი პოზიციით გამოსწორდება. ჩვენს გუნდს ძალიან კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არ ყვება პოპულიზმს და გათვლილ, ქვეყნისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით”, – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები