LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ნარმანიას პოლიტიკაზე უარს ამბობს თუ „ხრუშოვკების” თემა ისევ საარჩევნოდ გააქტიურდა?

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი  დედაქალაქში ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლებას გეგმავას და აცხადებს, რომ  სათანადო პროექტი უკვე მომზადებული აქვთ. არადა, სულ რამდენიმე დღის წინ მერიაში „ფორტუნასთან” მსგავსი პროექტის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი რამ სამომავლოდაც არ იგეგმება.

„მერიის მხრიდან არ ყოფილა არანაირი გეგმა არასდროს, არც ახლა გვაქვს რაიმე და არც მომავალში იგეგმება. ეს ადრე ითქვა იდეის დონეზე. ექსპლუატაციის ვადა შეიძლება, გაუვიდეს ნებისმიერ კორპუსს, ყველას ხომ არ დაანგრევს მერია? ამას კერძო მესაკუთრე აკეთებს ხოლმე,”  – განაცხადეს  15 ივლისს მერიაში “ფორტუნასთან” საუბრისას.

„ფორტუნა” ამ სტატიაში  განიხილავდა ე.წ. ხრუშოვკების პრობლემას, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია, გასული აქვთ და ამ შენობებში ცხოვრება გარკვეულწილად რისკის შემცველია.

სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია  ამ ლინკზე:  fortuna.ge

საქართველოში ექსპლუატაციის ვადა 600–ზე მეტ ხრუშჩოვკას აქვს გასული. მათი დიდი ნაწილი ავარიული და საფრთხისშემცველია.

ბოლო წლებში, არჩევნების წინ „ხრუშოვკების“ ჩანაცვლებაზე იწყებენ საუბარს, არჩევნების შემდეგ კი ამ თემას ივიწყებენ. ასე იყო 2014 წელს, 2016 წელს და ასეა ახლაც, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა, რამდენიმე პარტიამ ეს საკითხი წინასაარჩევნო დაპირებებში ჩადო.

მანამდე კი, “ხრუშოვკების” ჩანაცვლების პროექტის დაწყება საკრებულოს თავმჯდომარე, ჯაბა სამუშიამ, დაანონსა. განახლება ვაჟა–ფშაველას გამზირიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მოგვიანებით დედაქალაქის მთავრობაში ეს ფაქტი უარყვეს. დღესაც  „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, რომ ხრუშჩოვკებთან დაკავშირებით, მათ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ.

ამ განცხადებიდან კი რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სწორდ ამ დაპირებაზე საუბრობს.

„ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი “ხრუშოვკების” ეტაპობრივ ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ “ხრუშოვკის” ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით, ან შესაბამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სიცოცხლით სავსე თითოეული უბანი, ეს არის თბილისის სახე და მისი მომავალი,” – ამბობს ის.

თუმცა, მას არაფერი უთქვამს იმ საკითხების შესახებ, რომელიც ამ განცხადებას,  სააარჩევნო დაპირების გარდა, ცოტა მეტ კონკრეტიკას შესძენდა. მაგალითად, მისი გამარჯვების შემთხვევაში, როდის დაიწყება  ამ  პროექტის განხორციელება, რა ვადა იქნება მთლიად პროექტისთვის გათვალისწინებული  და რაც მთავარია, საიდან დაფინანსდება ეს პროექტი.

დღეს  სპეციალისტები აცხადებენ, რომ ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლება ძალიან ძვირადღირებული პორექტია და ძნელი წარმოსადგენია, რომ ამით  ინვესტორების დაინტერესება მოხდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს სახლები არის მრავალბინიანი და შესაბამისად,  მცხოვრებლების დაკმაყოფილების შემდეგ კომპანია ვერც მშენებლობის თვითღირებულებას დაფარავას და მოგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება.

გარდა ამისა, ამის პარალელურად დგება ისეთი პრობლემატური საკითხები, როგორიც არის ე.წ. კოოპერატივების თემა და სახელმწიფოს მეანაბრეები. მათ ჯერ კიდევ  საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსთვის გადახდილი  ჰქონდათ თანხა ბინების ასაშენებლად. მშნებლობები ბევრი ფაქტორის გამო ვერ  ჩავარდა და ამ მოსახლეობამ თანხა დაკარგა, რაც სახელმწიფოს  შიდა ვალად ითვლება. თუმცა, ეს თემაც დღემდე მოუგვარებელია და წინასაარჩევნო პერიოდში ისევე აქტიურდება ხოლმე, როგორც ე.წ. “ხრუშოვკების” ჩანაცვლების თემა.

 

რუსა მაჩაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები