LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის 100 დღე – რა შეიცვალა დედაქალაქში? [ვიდეორეპორტაჟი]

სატრანსპორტო პოლიტიკა, მშენებლობები და ეკოლოგია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რითაც 1 მარტს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერობის საქმიანობის 100 დღე შეაჯამა.

პირველი 100 დღის განმავლობაში კალაძემ თბილისის მთავარი პრობლემის, საცობებისგან განტვირთვის მიზნით, გარკვეული სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სამარშრუტო ტაქსები დედაქალაქის 14 ქუჩაზე (კოსტავა, ვაჟა-ფშაველა, რუსთაველი, მელიქიშვილი, ყაზბეგი, ვახტანგ გორგასალი, აღმაშენებლის ხეივანი, აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაზე, შარტავა, პეკინი, მარშალ გელოვანი, ჯორჯ ბუში, კახეთის გზატკეცილი) მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, ნაგავი კი მანქანებს მხოლოდ ღამის საათებში გააქვთ.

თბილისის მცხოვრებლები “ფორტუნასთან” ამბობენ, რომ აღნიშნულ ცვლილებას ჯერჯერობით საცობების პრობლემა არ გადაუჭრია.

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსაც, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წესით, საცობები უნდა შეემცირებინა, ტაქსების რეგისტრაციაა.

დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ რეგისტრაცია უფასო იქნება ელექტრომობილებისთვის, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის კი – ფასი განახევრდება. აღნიშნულზე ტაქსის მძღოლები “ფორტუნასთან” უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ფინანსური პრობლემების გამო მათი უმეტესობა რეგისტრაციას ვერ გაივლის და ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროზე უარის თქმა მოუწევთ.

თბილისის მერმა ბოლო პერიოდში მშენებლობებზე მომხდარ არაერთ ფატალურ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშენებლობებზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ქალაქის განვითარებისთვის მშენებლობის ნორმები და უსაფრთხოების სტანდარტები მკაცრად გაკონტროლდება.

“ფორტუნას” მიერ გამოკითხულმა თბილისის მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნული ცვლილებების შესახებ არაფერი იცის. მათი თქმით, დედაქალაქში კვლავ დგას მშენებლობების და საცობების პრობლემა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თბილისის ბიუჯეტიდან გუდიაშვილისა და ორბელიანის სკვერების რეაბილიტაციისთვის 102 მილიონი ლარი გამოიყო, მერის ამ ნაბიჯს მოქალაქეები პრიორიტეტების არასწორ განაწილებად აფასებენ.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები