LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანი 2017: ვინ მოიგებს საიუბილეო ფესტივალს კრუაზეტის სანაპიროზე

230

კანის კინოფესტივალი, რომელიც წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, დღეს, 17 მაისს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში უამრავ სიახლეს შესთავაზებს კინოს მოყვარულებს, მით უმეტეს, რომ ფესტივალის არაოფიციალურ მასპინძლად მონიკა ბელუჩი მიიჩნევა, რომელიც გახსნის და დახურვის ცერემონიას გაუძღვება, ჟიურის კი, ესპანელი რეჟისორი პერდო ალმოდოვარი უხელმძღვანელებს.

მოულოდნელი ფილმი გახსნისთვის

გახსნის დღისთვის ფილმის შერჩევა კანის ფესტივალის მესვეურთათვის ყოველთვის პრესტიჟის საქმეა, მით უმეტეს, რომ მთავარმა კონკურენტებმა ვენეციდან ბოლო წლებში ბევრად სოლიდურ ნამუშევრებს (“გრავიტაცია”, “ევერესტი”, “ლა-ლა ლენდი”) მოუყარეს თავი, კანმა კი, საკუთარ ანგარიშზე რიგითი, არაფრით გამორჩეული ფილმები (“მონაკოს პრინცესა”, “დიდი გეტსბი”, “ახალგაზრდა სისხლი”) მიითვალა.

ბევრი დარწმუნებული იყო, რომ წელს ფესტივალი მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმით “მრისხანე” გაიხსნებოდა, რომელიც რეჟისორმა უფროს კოლეგას ჟან-ლუკ გოდარს მიუძღვნა და მისივე მეუღლის – ანა ვიაზემსკის ბიოგრაფიული ჩანახატის მიხედვით შექმნა. თუმცა, კინოდათვალიერებას კრუაზეტის სანაპიროზე არნო დეპლეშენის დრამა “ისმაელის აჩრდილები” გახსნის, სადაც სასიყვარულო სამკუთხედი ამჯერად შარლოტა გენსბურმა, მარიონ კოტიარმა და ლუი გარელმა შეკრეს.

 

კანის რჩეულები

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ძირითად საკონკურსო პროგრამაში დებიუტანტები ნაკლებად არიან, ახალბედებმა ოქროს პალმის რტოსთვის ბრძოლა გამოცდილ ოსტატებს, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ პრედენდენტს მიხაელ ჰანეკეს დაუთმეს, რომელსაც რეალური შანსი აქვს ოქროს “პალმის რტოს” პირველი სამგზის მფლობელი გახდეს.

ავსტრიელი რეჟისორი, რომლის ფილმების მთავარი თემა ძალადობაა ნებისმიერ მის გამოვლინებაში, ტრადიციას არ ღალატობს და დრამაში ირონიული სახელწოდებით Happy End (ჰანეკეს შემოქმედების მოყვარულებმა იციან, რომ მის ფილმებს ბედნიერი დასასრული არასდროს აქვს), საემიგრაციო კრიზისს ევროპაში, ფრანგული ოჯახის ყოველდღიური პრობლემების ფონზე განიხილავს.

სოფია კოპოლა კანს ისტორიული დრამით “მოტყუებული” ეწვევა, რომელიც თომას ქულიანის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა, თუმცა პირველწყაროსგან განსხვავებით, უმცროსი კოპოლასთვის დამახასიათებელი ფემინისტური პრობლემების წინა პლანზე წამოწევით.

თურქული წარმოშობის გერმანელი რეჟისორის ფატიჰ აკინის ფილმმა “არსაიდან“, რომელშიც რეჟისორი ქსენოფობიისა და რასიზმის თემას განიხილავს გერმანიაში, უკვე მიიღო “ოქროს დათვი” ბერლინში, ახლა კი, კანში იბრძოლებს პალმის რტოს მოსაპოვებლად.

უკრაინელი დოკუმენტალისტი სერგეი ლოზნიცა ფრანგულ პუბლიკას რუსი კლასიკოსის ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობის თავისუფალ ადაპტაციას “მორჩილი ქალი” შესთავაზებს, სადაც მხვერპლისა და ჯალათის ისტორია თანამედროვე სამყაროშია გადმოტანილი და ყოველდღიურ რეალობასაა მორგებული.

“ბერძნული ახალი ტალღის” წარმომადგენელი და გასულ წელს ფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელი იორგოს ლანტიმოსი, კანს აბსურდულ-სიურრეალისტური დრამით “წმინდა ირმის მკვლელობა” უბრუნდება, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი შვილის გადასარჩენად იძულებულია მსხვერპლად გაიღოს ირემი.

ფრანსუა ოზონი არ ღალატობს ერთხელ არჩეულ თემას და ქალის რთული ბუნების ამოხსნას ამჯერად ეროტიკული ტრილერით “ორმაგი საყვარელი” ცდილობს. მართალია, კრიტიკოსების ნაწილმა უკვე დაიწუნა ახალი ფილმი და მას “ოზონის ადრეული ნამუშევრების მხოლოდ უღიმღამო აჩრდილი” უწოდა, მაგრამ ფესტივალზე რეჟისორი მაინც ფავორიტად ითვლება.

ინგმარ ბერგმანის დრამის “სცენები ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან” გავლენით შექმნილ ფილმში “არასიყვარული“, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ოჯახური წყვილის ისტორიას ჰყვება, რომელიც ხანგრძლივი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდება, 12 წლის ბიჭუნა კი, ვეღარ უძლებს მშობლების მუდმივ კონფლიქტს, მძიმედ განიცდის მათ დაშორებას და სახლიდან გარბის.

LGBD-დრამის “კეროლი” წარმატების შემდეგ ტოდ ჰაინსი კანში ბრაინ სელზნიკის რომანის ეკრანიზაციით “საოცრებებით სავსე ქვეყანა” ბრუნდება, რომელიც დამოუკიდებელი კინოს ცნობილი რეჟისორის ყველაზე ამბიციური პროექტია და მაყურებელს სახლიდან გაქცეული ორი ბავშვის პარალელურ ისტორიას ორ განსხვავებულ ეპოქაში მოუთხრობს.

მარიამ ცომაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები