LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპიტულანტური თუ კონსტრუქციული – რას ნიშნავს კვირიკაშვილის წერილი

ქართული მხარის კონსტრუქციულობის მოლოდინი ჟენევის მოლაპარაკებებზე, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და არსებული კონფლიქტი რუსეთის პასუხისმგებლობის გარეშე – ასეთია მოსკოვის პასუხი საქართველოს პრემიერს, რომელმაც რუსეთის ხელისუფლებას რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა შესთავაზა.

საქართველოს პრემიერმინისტრს რუსეთის საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა უპასუხა.

 

პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ თავიდანვე და განსაკუთრებით, რუსული პასუხის მიღების შემდეგ, კრიტიკა გამოიწვია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა საექსპერტო წრეებშიც.  

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, ამბობს, რომ პრემიერის მხრიდან აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ გაკეთებული განცხადება შეცდომა იყო.

„ეს ნიშნავს, რომ აღიარებ მარიონეტული ხელისუფლების ლეგიტიმურობას. რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან არ მოხდება არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ საქართველომ მოლაპარაკება უნდა აწარმოოს რუსეთთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან,“ – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, რუსეთის პასუხში, სადაც ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ქართული მხარის კონსტრუქციულობის მოლოდინია გამოთქმული, იკითხება, რომ რუსეთი იმავე პოზიციაზე რჩება და მას სურს, საქართველომ ოსურ და აფხაზურ მხარესთან ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს. ჩიტაძე ამბობს, რომ მათ განცხადებაში საქართველოს მხრიდან კონსტრუქციულობის მოლოდინზე ხაზგასმა, სწორედ ამაზე მინიშნება იყო.

შექმნილი მდგომარეობის გამოსავლის გზებზე საუბრისას ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში უნდა იაქტიუროს და არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, გიგა ოთხოზორიას საკითხიც წამოსწიოს.

„ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერება აუცილებელია. არა მხოლოდ ყირიმის საკითხი უნდა იდგეს დღის წესრიგში. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვის უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. რუსეთი ყირიმიდან კიევზე არ ილაშქრებს, საქართველოში კი რუსი ოკუპანტები თბილისიდან 40 კილომეტრში იმყოფებიან. დასავლეთი უნდა დაარწმუნოს საქართველომ იმაში, რომ დასავლეთსაც სჭირდება აქ სტაბილური ვითარება, სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტები ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი დიპლომატიური რესურსები და ძალისხმევაა საჭირო, რომ დასავლეთი რუსეთისთვის სანქციების გაძლიერების აუცილებლობაში დაარწმუნონ,“ – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრისას კი  აქცენტს იმ რისკებზე აკეთებს, რაც აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგს შეიძლება, მოჰყვეს.   

„რაც შეეხება შინაარსს, აქ მთავარი რისკი ის გახლავთ, რომ, როცა პრემიერი საუბრობს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე და რუსეთის მხრიდან ამ მსჯელობის ხელშეწყობაზე, ამით, ფაქტობრივად, აუქმებს მთელ სტრატეგიას, რაზეც ყველაფერი იყო აგებული, ანუ ჩვენი ურთიერთობები, იმაზე რომ ეს არის ოკუპაციური რეჟიმი და რუსეთია ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამ წერილით პრემიერმა მონაწილედ და პასუხისმგებლად კი არა, სავარაუდო მედიატორად გამოაცხადა, რომელსაც, როგორც  თანაბარ მხარეს შეუძლია, დაგვეხმაროს ურთიერთობების აღდგენაში. ამით რუსეთს პრემიერმა მისცა კოზირი.  ისინი ყოველთვის გვეტყვიან ამის შემდეგ, როცა პრეტენზია გაგვიჩნდება, წადით, იმათ ელაპარაკეთ, თქვენ თვითონ არ თქვით, რომ იმათ უნდა დაელაპარაკოთ,“ –  ამბობს გია ხუხაშვილი.

 

ჟენევის ფორმატის გადასინჯვა  

ხუხაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ რისკებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ფორმატის გაუმჯობესება მხოლოდ ქართული მხარის სურვილია, რეალურად კი სწორედ ამ წერილის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა, ის კიდევ გააუარესოს.

„რუსეთი იტყვის – თქვენ არ ამბობთ, რომ პირდაპირ გინდათ ლაპარაკი? მოდით, ჟენევის ფორმატში თქვენ ელაპარაკეთ აფხაზებს და ოსებს, მე დაგიჯდებით მაგიდასთან და ვიქნები თქვენი საქმის გამრჩევი. ფაქტიურად, თავის პასუხისმგებლობა გააქვს, ამ ფორმატიდან გვერდზე – იმიტომ რომ პრემიერმა თქვა, აღიარა, რომ მე არაფერ შუაში ვარ. განცხადებაშიც ჩანდა ეს.

„პრემიერის განცხადებაში არ იყო კონკრეტიკა, იქ იყო კიდევ ერთი კეთილი სურვილი და მჯერა, რომ კეთილი სურვილები აქვს პრემიერს, მაგრამ მისი სურვილები და მისი მოქმედებები, აბსოლუტურად დისონანსშია ერთმანეთთან,“ – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

 

ოპოზიციის რეაქცია

პრემიერის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ და  “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის,“ სადაც ამბობენ, რომ პრემიერის მიმართვა დაგვიანებულიც კია და ხელისუფლებას ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაედგა. 

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ პრემიერის მიმართვა სამარცხვინო იყო, რომელიც რუსულ პასუხში კი ცინიზმს და კმაყოფილებას კითხულობენ.  სერგი კაპანაძე ამბობს, რომ სტრიქონებს შორის კიდევ ერთი საფრთხეც უნდა ამოვიცნოთ, რომელიც ძალის არგამოყენების შესახებ განცხადებას ეხება.

„მეორე აბზაცში: ჟენევის შემდეგ რაუნდზე მარტის ბოლოს ვგეგმავთ, რომ განცხადება მივიღოთ ძალის არგამოყენებაზეო და იმედია მანდაც კოსტრუქციული იქნებითო (სტრიქონებს შორის: ვინც არ იცით, თუ ამ განცხადებას ქართული მხარე დაეთანხმება, დასრულდება რუსეთზე ზეწოლა, რომ ჩვენს მიმართ აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და რუსეთი პირველად იტყვის ჟენევაში, რომ ცხინვალი და სოხუმი შევათანხმე თბილისთან ერთმანეთის თავდაუსხმელობაზეო). მოკლედ, აბა თქვენ იცით, მარტის ბოლოს, არ შეგვარცხვინოთო! და თუ გინდათ, პრემიერი ჩამოვიდეს ჟენევაშიო – კარგი აზრიაო.

„მესამე აბზაცში: აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგი რომ გინდათ პირდაპირ, ზუსტად მაგას გიჩიჩინებთ ამდენი ხანიო. ეგო არ არის ქართულ-რუსული საქმე და ერთმანეთში მოაგვარეთ სახელმწიფო დონეზეო,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ქვეყნის ღალატად აფასებენ. ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა, მის მიერ განხორციელებული ოკუპაცია მსოფლიოსთვის ეთნოკონფლიქტად წარედგინა.

„ეს, ბუნებრივია, მტკნარი სიცრუეა, რომელსაც მიზნად ერთი რამ აქვს – ე.წ. არაღიარების პოლიტიკის ჯერ დასუსტება და შემდგომ – განადგურება. ეს რუსეთს სამუდამოდ დაუკანონებს ქართულ ისტორიულ მიწებს – აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. თუ ეს ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატი არაა, აბა რა ჰქვია ამას?!“ – აღნიშნავს ნიკა რურუა.  

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი, მიიჩნევს, რომ პრემიერის წერილი ემოციური და პოლიტიკური გათვლებისგან დაცლილი იყო, რომლითაც რუსეთმა ისარგებლა.

„რუსეთმა ჩვეული ცინიზმით მკაფიოდ მიგვითითა, რომ:

1.    ზოგადად მოსკოვში, და არა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში, ყურადღებით გაეცნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას; 
2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო მიმართვას რუსეთის მხრიდან შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის რიგითი კომენტარი;
3. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო იმ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე დარჩა;
4. მიესალმებიან საქართველოს მზაობას იყოს უფრო კონსტრუქციული ჟენევის პროცესის უახლოეს რაუნდზე; 
5. მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია თავად პრემიერი ჩაერთვება ჟენევის პროცესში თუ ვინმე სხვა უხელმძღვანელებს დელეგაციას; 
6. საქართველო, როგორც იქნა, გონს მოვიდა და მზადაა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყოს; 
7. მოქალაქე ტატუნაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საქართველომ სუვერენულ სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგით უნდა მოაგვაროს და ამაში რუსეთი ვერაფრით დაგვეხმარება, რადგან ეს სცილდება რუსეთსა და დარჩენილ საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების სფეროს;
8. და საერთოდ, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რუსეთი დიდსულოვნად გვიქებს გამოსწორების მცდელობას!“- აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

ის მიიჩნევს, რომ ახლა, აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსულ მახეში კიდევ ერთხელ არ უნდა შევაბიჯოთ. უსუფაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯი თემის სასწრაფოდ დახურვა იქნება. 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე და მშრალი განცხადებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მორიგ ჯერზე არ ისარგებლა საქართველოს მთავრობის კეთილი ნების ნაბიჯით, რის გამოც ვწუხვართ. წერტილი. მიმართვაში თუ საპასუხო კომენტარში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის რუსეთთან საჯარო კომუნიკაციაში შემდგომი განხილვა-განმარტება-დაზუსტება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება,“ – აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

 

ხელისუფლების რეაგირება

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მისი წინამორბედის, დავით უსუფაშვილისგან განსხვავებით, რუსეთის პასუხში ცინიკურს ვერაფერს ხედავს, თუმცა, ამბობს რომ რუსეთი საგარეო უწყების განცხადება კონსტრუქციულობას მოკლებულია.

კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს, რადგან მისი თქმით, ის სეპარატისტულ რეჟიმებზე  კონტროლს ახორციელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ კრემლი პასუხისმგებლობით მოეკიდება პრობლემას და უახლოეს მომავალში მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომით უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საპასუხოდ მორიგი განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნულია იმედის შესახებ, რომ „მომავალ ჟენევის რაუნდზე ქართული და რუსული მხარე შეძლებს მრავალი წლის  განმავლობაში  არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას,”

ამავე განცხადებაში საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად ნაბიჯები გადადგას.

 

 

პასუხისმგებლობა  – გადადგება თუ არა კვირიკაშვილი   

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ღიად არ საუბრობს პრემიერის წერილით  შექმნილ თუ გამწვავებულ პრობლემაზე,  ოპოზიციის და ანალიტიკოსების უდიდესი ნაწილი სწორედ ამაზე საუბრობს. შესაბამისად, უკვე  დაისვა კითხვა, თუ  ვინ აგებს ამაზე პასუხს.

იმის გამო, რომ  წერილი პრემიერს ეკუთვნის და  ქვეყნის პოლიტიკაზეც ის არის პასუხისმგებელი,  სწორედ კვირიკაშვილის  გადადგომის  შესახებ გაჩნდა  მოლოდინი.  თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ  პრემიერის გადადგომა  ვერ შეცვლის  ვითარებას.

„აქ პრობლემაა არაფორმალური მმართველობა. არაფორმალური მმართველი თავის დროზე აცხადებდა, რომ, თითქოს, საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან. ასე რომ, პოლიტიკა უცვლელი დარჩება. ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების გზაზე ნაბიჯები უნდა გადადგას,“ –  ამბობს ნიკა ჩიტაძე.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას „სისულელეს“, თავად ავტორს კი „მიამიტს“ უწოდებს გია ხუხაშვილი და ამბობს, რომ „მისი მიამიტობა საქართველოს ძვირი უჯდება“. 

ხუხაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა და იმ რისკებზე საუბრობს, რომლის წინაშეც შესაძლოა, ქვეყანა აღმოჩნდეს.

„რაც შეეხება რისკებს, ის ძალიან მაღალია, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ფორმას დააკვირდით, პრემიერმინისტრი პირადად მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას და იქიდან არათუ მისი რანგის პირი, არა თუ მინისტრი, სამინისტროც კი არ პასუხობს, არამედ ინფორმაციის დეპარტამენტი. აბსოლუტურად დაკნინებულია და სამი დონით დაბალი ადგილიდან ხდება შეპასუხება. ასეთი რამ დიპლომატიაში არ ხდება შემთხვევით, თავის ადგილი მიუჩინეს  – „იქ, კუთხეში ზიხარო,” – ამბობს ხუხაშვილი.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე უარყო კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის  საკითხის დაყენება.

“ეს არის ჭორები, რომელსაც ხელოვნურად ატრიალებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება,”  – განაცხადა კობახიძემ.

 

 

თაკო ივანიაძე 

პოპულალურები