LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წელს 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

47

სულ მალე ჩეხეთი კარლოვი ვარის კინოფესტივალს უმასპინძლებს, სადაც 2 ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის მთავარ კონკურსშია გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი „ხიბულა”, რომელიც მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტის შესახებ მოგვითხრობს. პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უხილავი მდევარი აიძულებს მას, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ. “ხიბულას” სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები.

გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე 2014 წელსაც მონაწილეობდა. მისმა ფილმმა „სიმინდის კუნძული” კინოფესტივალის გრან პრი აიღო, მოგვიანებით კი თავად რეჟისორი კინოფესივალის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

კარლოვი ვარის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში East of the Westწარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული ფილმი ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს ეკუთვნის. „დედე” რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.

„დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა, ასევე სვანია ფილმის ყველა მსახიობი.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი უმაღლესი, A კლასის კინოფესტივალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყოველწლიურად 1500 სტუმარი ესწრება, მათ შორის მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენლები.

ფესტივალი ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები