LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატარის სახელმწიფო ქართული თაფლის იმპორტითაა დაინტერესებული

112

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და კატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან ცოცხალი ცხვრის, ცხვრის, საქონლის და ფრინველის ხორცის, მშრალი და ახალი ხილის, ბოსტნეულის, თაფლის ექსპორტის, ასევე, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს.

 სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ცხოველთა დაავადებების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და ბიოწარმოების კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ქართული თაფლის იმპორტით, ვინაიდან, კატარის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა მზარდია, წარმოებული პროდუქცია კი, საკმარისი არ არის.

მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ჩემს კოლეგასთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში წარმოებულ აგროსასურსათო პროდუქციას არა მხოლოდ კატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, – განცხადა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, კატარის დელეგაციის წევრებმა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც უმასპინძლა. სტუმრები, კომპანიებშიც „ბარამბო“ და „ზედაზენი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები