LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კედლებია ძველი, თორემ სული ახალგაზრდულია“- როგორ ცხოვრებენ სტუდენტურ ქალაქში [ვიდეორეპორტაჟი]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქი სტუდენტურ საცხოვრებელს ორ სხვადასხვა ლოკაციაზე აერთიანებს. ბაგებში მდებარე ორი ოთხსართულიანი კორპუსი 1975 წელსაა აშენებული. სიძველის მიუხედავად, საცხოვრებელში 255 სტუდენტი და 43 თსუ-ის თანამშრომელი ცხოვრობს. გადასახდელი 50 ლარია, ამ ფასში კომუნალური გადასახადებიც შედის, მათ შორის, ზამთარშიც.

კომპლექსი აერთიანებს ორ კორპუსს,  10 სარეცხის მანქანით აღჭურვილ სამრეცხაოებს, დარბაზსა და რესურს ცენტრს, რომლებიც კომპიუტერებითა და ინტერნეტითაა აღჭურვილი. შენობაში სართულზე გათვალისწინებულია გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალკ-ცალკე ერთი საპირფარეშო და სააბაზანო. ოთახებში არის ორი საწოლი, ამდენივე სკამი და მაგიდა და კარადა ტანსაცმლისთვის. შენობას არ აქვს სამზარეულო ოთახი, სტუდენტებს საჭმლის მომზადება საკუთარ ოთახებში ან აივანზე უწევთ.

ბაგების სტუდენტური საცხოვრებლისგან განსხვავებით, ლისზე მდებარე კომპლექსში სტუდენტებს მეტი კომფორტი აქვთ. ეს კომფორტი კი თითოეული მათგანისთვის 150 ლარი ღირს. ოთახები გარემონტებულია და აღჭურვილია ახალი ინვენტარით. ახალშენებული კომპლექსი სასადილოს, სპროტულ დარბაზს, რესურს ცენტრსა და ბიბლიოთეკას, სპორტულ მოედანს და 3 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს. მათგან დატვირთული მხოლოდ ერთია. კორპუსებს აქვთ საკუთარი სამზარეულო და სამრეცხაო. სააბაზანო ოთახი კი თავად ოთახებშია განთავსებული. კიდევ ერთი, რაც ლისის საცხოვრებელს აქვს, ეს არის ადაპტირებული გარემო და ოთახები შშმ სტუდენტებისთვის.

სტუდქალაქში ცხოვრება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ. მათში მოხვედრა კი ონლაინ რეგისტრაციის საშუალებითაა შესაძლებელი. ინფორმაცია ამის შესახებ სტუდენტებს პირად პორტალზე მისდით. საცხოვრებლები ამ დროის მონაცემებით, სრულად არაა დატვირთული.

 

ქეთი გიგოლაშვილი