LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიკო მაცუი საქართველოშია – მუსიკოსი კონცერტს ფილარმონიაში მართავს

160

იაპონელი კომპოზიტორი და პიანისტი, კეიკო მაცუი საქართველოშია. „სოლოს“ და „ ალექს პრომოუშენის“ მოწვევით, მუსიკოსი ჩვენს ქვეყანას მეორედ სტუმრობს. რამდენიმე წლის წინ, როცა ის ჯაზეფსტივალზე იმყოფებოდა, ერთ-ერთ ქართულ რესტორანს ესტუმრა, სადაც ნიკო ფიროსმანის „შავი ლომით“ და მისი სასიყვარულო ამბით შთაგონებულმა ამავე სახელწოდების კომპოზიცია დაწერა, რომელსაც დღეს საღამოს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველ მსმენელს სიუპრიზად შესთავაზებს.

მუსიკოსს საქართველოზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დარჩა და როგორც დღეს „სოლოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განგვიცხადა, მოხარულია, რომ თბილისს მეორედ ესტუმრა კონცერტის გასამართად, რომელიც მისთვის გამორჩეული იქნება ორ ორკესტრთან თანამშრომლობის გამო.

„ალექს პრომოუშენის“ იდეით, ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როცა მუსიკოსთან ერთად ორი ორკესტრი წარდგება, ორ მაესტროსთან ერთად – ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით.

კეიკო მაცუი, პიანისტი:

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმოგზაურია ჩემს ბენდთან ერთად, ზოგან მხოლოდ სოლოგამოსვლები მქონია, მაგრამ ორ ორკესტრთან ერთად შოუს გამართვა ჩემთვის ძალიან გამორჩეული იქნება. კომპოზიციებს სხვა კუთხით წარმოვადგენთ, რითაც ბედნიერი ვარ.

რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ჩემი პირველი ალბომი აშშ-ში გამოვიდა. 217 კომპოზიცია მაქვს დაწერილი და უფრო და უფრო რთული ხდება, კონცერტებისთვის მათგან 14-15 სიმღერის შერჩევა, მაგრამ ამ საღამოს განსაკუთღებული პროგრამით წარვდგები, იქნება სიმღერები ახალი ალბომიდან „მოგზაურობა გულისკენ“ და ასევე ძველი ალბომებიდანაც.

კამოლიდინ ურინბაევი, დირიჟორი:

ჩვენი ორკესტრი საქართველოში პირველად გამოდის. აღფრთოვანებული დავრჩით, როცა თბილისში კეიკო მაცუისთან ერთად გამოსვლის წინადადება მივიღეთ. ძალიან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას. ძალიან საინტერესოა მასთან ერთად გამოსვლა. მაყურებელი, რომელიც დღეს კონცერტზე მოვა, გრანდიოზული შოუს მომსწრე გახდება. კეიკო მაცუის მუსიკალური ტალანტის ყველანაირ გამოვლინებას ვნახავთ, ექსპრესიულ, მელანქოლიურ, მშვიდ თუ მხიარულ მუსიკას მოისმენთ.

ნიკოლოზ რაჭველი, დირიჟორი:

გვიხარია, რომ ორი ორკესტრია სცენაზე. უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი აარჩვეულებრივ დირიჟორთან ერტად არის სტუმრად საქართველოში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ორკესტრი ერთ სცენაზე გამოვა, ეს ორ ქვეყანას შორის კულტურული ცხოვრების ახალი პლატფორმაა. როცა ასეთი რანგის, სახელგანთქმული მუსიკოსი გყავს მოწვეული, რომლისთვისაც ორი ორკესტრი შეიკრიბა, ვფიქრობ, მაყურებლისთვის ეს საინტერესო სანახაობა იქნება.

კონცერტზე დასაწრები ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, „სოლო“ მომხმარებლისთვის ფასი 50 ლარიდან, დანარჩენი მყიდველისთვის კი 60 ლარიდან იწყება.

ეკა დუჩიძე, „სოლოს“ წარმომადგენელი:

ძალიან ამაყები ვართ, რომ დღევანდელი კოლაბორაცია შედგება „სოლოსთან“ ერთად. ქალბატონი კეიკო ძალიან ბედნიერია, რომ საქართველოში დაბრუნდა. მომზადებული აქვს სიურპრიზი ქართველი მსმენელისთვის. მათ, ვინც ბილეთები შეიძინა, არაჩვეულებრივი კონცერტი ელოდება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები