LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიკო მაცუის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა  (ვიდეო)

158

8 ნოემბერს, კლასიკიური და ჯაზმუსიკის  მოყვარულები კეიკო მაცუის კონცერტზე შეიკრიბნენ. საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კონცერტი „სოლოს“ და „ალექს პრომოუშენის“ ორგანიზებით ჩატარდა.

იაპონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა კეიკო მაცუიმ 5 წლიდან დაიწყო დაკვრა, შემდგომში კი მისი კარიერა წარმატებით განვითარდა, მის ანგარიშზე არაერთი ალბომი და მთლიანობაში შექმნილი 217 სიმღერაა.

თბილისში ის რამდენიმე წლის წინ ჯაზფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა და ახლაც საუკეთესო მოლოდინით ჩამოვიდა, რომელიც ქართველმა მსმენელმა და ორმა ორკესტრმა გაუმართლა…

თბილისურ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და სპეციალური მოწვევით უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით.   სწორედ ნიკოლოზ რაჭველმა წარუდგინა დირიჟორი კამოლოდინ ურინბაევი და პიანისტი კეიკო მაცუი დამსწრე საზოგადოებას.

პიანისტმა კონცერტი კომპოზიციით „შავი ლომი“ გახსნა, რომელიც ფიროსმანის „შავი ლომით“ და მისი სასიყვარულო ამბით შთაგონებულმა დაწერა. მუსიკოსმა მსმენელს ასევე ჭაჭის შესახებ შექმნილი  კომპოზიციაც წარუდგინა, რომელიც წინა წლებში,  საქართველოში სტუმრობისას, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაწერა.

კეიკო მაცუის კონცერტით ფილარმონიაში მისულმა მსმენელმა განსაკუთრებული სიამოვნება მიიღო. კონცერტის ბოლოს აპლოდისმენტები დიდხანს გაგრძელდა.

„არ მინდა, რომ დაგტოვოთ“ , ამ სიტყვებით დაემშვიდობა იაპონელი პიანისტი ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას. კონცერტის ბოლოს კი მათთან შესახვედრად ჰოლში გადაინაცვლა და სამახსოვროდ ავტოგრაფებიც დაარიგა.

კეიკო მაცუი (პიანისტი და კომპოზიტორი ):

ქართველები არაჩვეულებრივი მსმენელები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ყველას ახსოვდა ჩემი კომპოზიციები. ვიმედოვნებ, რომ მალე კვლავ ვეწვევი საქართველოს.

ეკა დუჩიძე (“Solo Lifestyle”-ის დირექტორი):

„სოლო“ ძალიან ბედნიერია, რომ ეს კოლაბორაცია და დღევანდელი საღამო სწორედ„ სოლოს“ პროექტის ფარგლებში შედგა. ეს იყო კეიკო მაცუის, ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრისა და უზბეკეთის ორკესტრის არაჩვეულებრივი კონცერტი.

ჯიმშერ ასკანელი (კომპოზიტორი):

ძალიან მოულოდნელი იყო და სასიხარულო, რომ დღეს ჩემი ნაწარმოები „მხედრული“ შესრულდა, სრულიად შოკირებული ვარ. ძალიან კარგად დაუკრეს. დიდი მადლობა, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ კომპოზიტორმა და პიანისტმა კეიკო მაცუიმ ტურნე 24 ოქტომბერს დაასრულა, შემდეგ უკრაინაში ჩაატარა კონცერტი, დასკვნითი საღამო კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები