LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება – ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან

თავის თავს „დონ კიხოტს“ უწოდებს, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეს – თბილისის მერობას აპირებს. ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. როგორც თავად ამბობს, “კომფორტულია, იჯდე მყუდროდ და ელოდო, როდის მოაგვარებს ვინმე სხვა შენი დედაქალაქის პრობლემებს”,  იმ პრობლემებს, რომლებიც, ელისაშვილის თქმით, ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირშია, მაგრამ თავად ამ პრობლემების საკუთარი ძალისხმევით მოგვარებას გეგმავს. 

„ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება. მე ვემსახურები ხალხს, პირობას ვდებ, რომ ჯერ თავს არ დავზოგავ თვითონ, არ დავზოგავ არცერთ თანამშრომელს, მე თვითონაც ვიმუშავებ, სხვებსაც ძალიან ენერგიულად ვამუშავებ იმისთვის, რომ  თბილისის პრობლემები ერთად გადავჭრათ,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.  

საკუთარ შანსებსა და გეგმებზე ის „ფორტუნასთან“  საუბრობს.

  • „ფორტუნა“: რა არის თქვენი უპირატესობა,  რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე?

ალეკო ელისაშვილი: არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ხალხი ისედაც თვითონ ხვდება ჩემს უპირატესობებს.

  • თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება რა არის?

ალეკო ელისაშვილი: წინასაარჩევნო დაპირებების როგორი გამოცდილება გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. პოსტებს დააყენებენ ხოლმე: მილიონი სამუშაო ადგილი, საქართველო სიღარიბის გარეშე, გაზი და დენი გაიაფდებაო და რომ გაძვირდა… ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქე წინასაარჩევნო დაპირებებს იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი ტყუილია ხოლმე. მე ვთხოვდი, უბრალოდ, ყველა მოქალაქეს, – ყველამ გავიხსენოთ, ვინ რას გვპირდებოდა და ვინ რა შეასრულა. ეს რომ კარგად გვახსოვდეს და შეუსრულებელი დაპირებების გამო, უფრო მკაცრად რომ ვითხოვდეთ პასუხს,  ეს ქვეყანა ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.

 

ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ყველა მოქალაქე წინასაარჩევნო დაპირებებს იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი ტყუილია ხოლმე.

 

რაც შემეხება მე, ჩემთვის მთავარია, რომ არ ავიკიდე ის ტვირთი, რაც ტრადიციულად აკიდებული აქვთ ხოლმე პოლიტიკოსებს, პარტიებს და რის გამოც ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ, ეს არის ბიზნესინტერესები. თუ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დიდი ბიზნესი გაფინანსებს, შემდეგ მასთან ვალდებულებაში ხარ და მერე პასუხს სცემ. პარტიის შემთხვევაში, რომელი პარტიაც წარგადგენს, იმასთან ხარ ანგარიშვალდებული. ხალხს კი არ აბარებ ანგარიშებს, არამედ ვინც წარგადგინა – იმას. მე ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა რომელიმე პარტიასთან ერთად ყოფნა, მილიონი შეთავაზება იყო – ფულით გაჯერებული შემოთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მინდა.

 

შეუსრულებელი დაპირებების გამო, უფრო მკაცრად რომ ვითხოვდეთ პასუხს, ეს ქვეყანა  ასეთ ჭაობში არ იქნებოდა.

 

მე, რეალურად, წამოვედი და ვარ პოლიტიკაში ხალხის სამსახურისთვის. ვიღაცას სჯერა ამის, ვიღაცას – არა, მაგრამ მთელი 3 წელია, მეტს არაფერს ვაკეთებ საკრებულოში, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვცდილობდი და ვცდილობ, ხალხს ვემსახურო იმიტომ, რომ ის პრობლემები, რაც ხალხს აქვს, მე თვითონ  მაქვს.  მე ვიღაცაზე უფრო აქტიური ვარ და ვიღაცაზე უფრო არ მენანება საკუთარი თავი. მე ეს არჩევანი გავაკეთე. ხალხის სამსახური არის ჩემი მთავარი დაპირება. მე ვემსახურები ხალხს, საკრებულოშიც ვემსახურებოდი. პირობას ვდებ, რომ ჯერ თავს არ დავზოგავ თვითონ, არ დავზოგავ არცერთ თანამშრომელს, მე თვითონაც ვიმუშავებ, სხვებსაც ძალიან ენერგიულად ვამუშავებ. მეზიზღება კორუფცია და სადაც მე ვარ, იქ უბრალოდ კორუფციის ნატამალიც არ არის.

 

თუ წინასაარჩევნოდ აუცილებლად დიდი ბიზნესი გაფინანსებს, შემდეგ მასთან ვალდებულებაში ხარ.

 

შესაბამისად, ამის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ მერიას გავწმენდ კორუფციისგან. ახლა არის ჩამპალი და გახრწნილი კორუფციისგან. კვირაში ერთხელ მერიის თანამშრომელს იჭერენ. ამას ყველას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუმცა ეს იმის დასტურია, რომ ყველაზე აქვთ კომპრომატები და ყველა ჰყავთ ჩაწერილი. მე გავწმენდ ყველაფერს და ხალხის სამსახურში ჩავაყენებ ყველას! დღეს მერიაში დაავიწყდათ მაღალჩინოსნებს და გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ისინი ხალხმა მიიყვანა იქ, ხალხისგან იღებენ ფულს და ხალხის სამსახურში უნდა იყონ. ხალხს ზემოდან კი არ უნდა უყურონ, ისე კი არ უნდა აწამონ, როგორც ახლა აწვალებენ – წლობით და თვეობით რომ გვატარებენ მერიაში ერთი ელემენტარული პასუხისთვის.

 

ჩემთვის ძალიან კომფორტული იქნებოდა რომელიმე პარტიასთან ერთად ყოფნა, მილიონი შეთავაზება იყო – ფულით გაჯერებული შემოთავაზებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მე არ მინდა.

 

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავარი დაპირება არის ხალხის სამსახურში ყოფნა. როგორ და რა ვადებში აპირებთ ამის შესრულებას?

ალეკო ელისაშვილი: პირველივე დღიდან. პასუხისმგებლობის ელემენტარული განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვინმე საქმეს ცუდად აკეთებს, ვის სჯიან ამის გამო?! ესეც კორუფციაა! როცა, რასაც გინდა, გააკეთებ და არავინ არაფერზე პასუხს არ გთხოვს, აი, იქ მოინჯღრევა მერია და ამ მონჯღრევის დროს ყველა აკეთებს იმას, რაც მისთვის სახეირო არის. ამ დროს ავიწყდებათ ხალხი, ქალაქი და ყველა, ძირითადად, ფულის კეთებაზეა გადასული. ყველას მივცემ დავალებას და იმ დავალებებზე მოვთხოვ პასუხს. ვინც ვერ გაართმევს თავს, ის აღარ იმუშავებს მერიაში. არქიტექტურის სამსახურში ყველაფერი იქნება ელექტრონული. დეველოპერებს აღარ მოუწევთ არქიტექტურის თანამშრომლებთან კაბინეტში საათობით კურკური. ისეთივე სივრცე შეიქმნება, როგორიც არის საჯარო რეესტრი.

 

მე რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რა ხედვებსაც და პროგრამებსაც წარმოვადგენ, იქნება გრძელვადიანი, მაგრამ რაღაც ნაწილს ჩემი მერობის პერიოდში შევასრულებ.

 

  • იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მერი გახდებით, განახორციელებთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?

ალეკო ელისაშვილი: მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მერიაში მე ვაპირებ მხოლოდ 30 კაცის შეცვლას. მერიის საქმეს აფუჭებს ზედა 30 კაცი, – მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, სსიპ-ების, აიპ-ების ხელმძღვანელები და, აი, ამ ხალხს გამოვცვლი. დანარჩენებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ. ჩემი მისვლის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვა არავის ემუქრება 6 თვის განმავლობაში, ვაძლევ ამის გარანტიას. ეს იქნება ვადა. თუ ვინმე დავალებებს არ შეასრულებს, თუ ვინმე იუსაქმურებს ან ხელი კორუფციისკენ გაექცევა, არ დავინდობ არავითარ შემთხვევაში. ჩემს ამ დამოკიდებულებას კარგად გრძნობენ საკრებულოში აპარატის თანამშრომლები. არ  აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ „ქართული ოცნების“ დროს არიან მიყვანილები, ვინც საქმეს აკეთებს, ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ.

 

მეზიზღება კორუფცია და სადაც მე ვარ, იქ უბრალოდ კორუფციის ნატამალიც არ არის.  იმის პირობას ვაძლევ ხალხს, რომ მერიას გავწმენდ კორუფციისგან.

 

  • თქვენი აზრით, რა არის დღეს დედაქალაქის მთავარი პრობლემა?

ალეკო ელისაშვილი: მძიმე დაავადებების ეპიდემია არის თბილისში და ამის მთავარი წყარო არის დაბინძურებული ჰაერი. ახლახან კიდევ ერთი კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერისგან სიკვდილიანობით და 100,000 მოსახლეზე ეს მაჩვენებელი ჩვენთან ძალიან მაღალია. ქალაქში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა. ის, რასაც ვსუნთქავთ, ჩვენი ორგანიზმისთვის მომაკვდინებელია. აქ უკვე პოლიტიკურ შეხედულებებზე საუბარი არ არის იმიტომ, რომ შხამიანი ჰაერი არავის ინდობს საერთოდ! არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არც ჩემს მხარდამჭერებს, არც პირადად მე და არც „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ამ ჰაერს ყველა ვსუნთქავთ. ახლა ჩვენ, წესით, ყირაზე უნდა ვიდგეთ, მაგრამ თითი თითზე არ დაუდია „ქართულ ოცნებას“.

 

მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ მერიაში მე ვაპირებ მხოლოდ 30 კაცის შეცვლას. მერიის საქმეს აფუჭებს ზედა 30 კაცი, – მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, სსიპ-ების, აიპ-ების ხელმძღვანელები და აი, ამ ხალხს გამოვცვლი.

 

ჩემი კონკურენტი დგას და რაღაც ვიდეოებს იღებს, როგორ მოუვლის ეკოლოგიას. ყოველდღიურად იჭრება ხეები, წყნეთში, თამარაშვილზე, ბაგებში, ყველგან!  ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე, ნახევარი სკვერი არის ამოთხრილი და სასტუმროს აშენებენ! წერეთელზე სტადიონის დანგრევას აპირებენ და კბილებით გვიჭირავს, მოსახლეობასთან ერთად. ეს ყველაფერი ხდება ახლა – წინასაარჩევნო პერიოდში. ამ დროს კი წინასაარჩევნო „სიაფანდობებს“ ვისმენთ! ძალიან სასაცილო ისაა, რომ ჩემი კონკურენტი, რომელიც 5 წელია, ვიცე-პრემიერია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, დღეს ოპოზიციონერი კანდიდატივით საუბრობს. ნარმანია მისი მეგობარი არ არის? მათი გუნდის წევრი არ არის? 270 კვ. მეტრზე 8-სართულიანი კორპუსი ააშენა. ასე რომ, ხალხი ძალიან კარგად დაფიქრდეს, ვის რისი გაკეთება შეუძლია.  

ჩვენ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში კბილებით გვეჭირა, ხალხთან ერთად, სკვერები, პარკები და სტადიონები. ხომ აქვთ დაპირებები, რომ ეკოლოგიას ააყვავებენ? პარალელურ რეჟიმში ჩეხავენ ხეებს! მთავარი პრობლემა, რომელსაც ვერ ვხედავთ, რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას და გვგონია, რომ ეს არ არის მთავარი პრობლემა, ეს შხამიანი ჰაერია! როდესაც დაგვიდგება ის შედეგი, რომელიც ბევრს უკვე დაუდგა, მერე უკვე სხვა აღარაფერს აზრი არ ექნება! პირველი ამოცანა არის ის, რომ შხამიან ჰაერს არ უნდა ვსუნთქავდეთ და ბავშვებს არ უნდა ვზრდიდეთ ასე! ქალაქში ერთი აღებული პრობლემა არ არსებობს, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჰაერს ვერ აიღებ და ვერ გაწმენდ. ბევრი პრობლემა თითოეულის დარღვევით იქმნება. ჰაერს აბინძურებს როგორც გამონაბოლქვი, ასევე მტვერი. ეს მტვერი იმიტომ წარმოიქმნება, რომ სამშენებლო სტანდარტებს არავინ იცავს. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ქუჩები არ ირწყვება, მარტო რუსთაველი და ჭავჭავაძის მორწყვა არაა საქმე! მოკლედ, ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, ცალ-ცალკე ყველაფერი უნდა მოგვარდეს: ტრანსპორტი, სამშენებლო რეგულაციები, ხეების და სიმწვანის რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ა.შ.

 

ყველას მივცემ დავალებას და იმ დავალებებზე მოვთხოვ პასუხს. ვინც ვერ გაართმევს თავს, ის აღარ იმუშავებს მერიაში.

 

  • რა ვადებში გეგმავთ ამ ყველა პრობლემის მოგვარებას?

ალეკო ელისაშვილი: მე რაც დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა, რა ხედვებსაც და პროგრამებსაც წარმოვადგენ, იქნება გრძელვადიანი, მაგრამ რაღაც ნაწილს ჩემი მერობის პერიოდში შევასრულებ. დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს, 4 წლის ვადაში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება თბილისში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დღეს მჭიდროდ განაშენიანებულ რაიონებში სიმწვანის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3 კვადრატზე ნაკლებია, როდესაც ევროკაშირის სტანდარტი 20 კვადრატია. საბჭოთა სტანდარტი 15 კვადრატი იყო. საბჭოთა დროსაც კი, 1980-იან წლებში თბილისში 12 კვადრატული იყო სიმწვანე. ვერც იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებდით, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით.  გავჩეხეთ და ბუნება, სიმწვანე გავაგდეთ ქალაქიდან!

 

არქიტექტურის სამსახურში ყველაფერი იქნება ელექტრონული და დეველოპერებს აღარ მოუწევთ არქიტექტურის თანამშრომლებთან კაბინეტში საათობით კურკური.

 

3-ჯერ შეგვიძლია, გავზარდოთ რეკრეაცია. თუნდაც ელექტროდეპოს ტერიტორია რომ ავიღოთ, იქ, ფაქტობრივად, ბუნებრივი გამწვანებაა. ის ჯართი უნდა გავიდეს იმ ტერიტორიიდან და გამწვანდეს ის სივრცე. ეს არ არის ვიღაცის დასანახად გასაკეთებელი საქმე. ის, რომ სამშენებლო რეგულაციები იყოს, ამას უნდა ერთი განკარგულება და ზედამხედველობის სამსახურისთვის ერთი მოთხოვნა. მშენებლობიდან მტვერი რომ იფრქვევა, მიდი და დააჯარიმე. მაგრამ ვინ გაუბედავს ივანიშვილს დაჯარიმებას?! ან სხვა დეველოპერებს, როცა თვითონ არიან „ქართული ოცნების“ წევრები დეველოპერები. თავის თავს ხომ არ დაიჯარიმებენ?! ჩემი მერობის მეორე დღესვე ამ ყველაფერს მკაცრად გავაკონტროლებ. ამას არაფერი უნდა, მონდომების გარდა. ჩვენი ქალაქი არის მიგდებული: ვისაც უნდა, როგორც უნდა ისე აკეთებს! სწორედ ესაა საქმე, თორემ მერობის ერთი და შვიდი ვადა კი არ უნდა!

 

მერიაში ისეთივე სივრცე შეიქმნება, როგორიც არის საჯარო რეესტრი.

 

  • თბილისისთვის არაერთი პრობლემაა თვალშისაცემი. ერთ-ერთი ასეთია ტრანსპორტის საკითხი – პარკირება, საცობები, გამწვანება, უნებართვო მშენებლობები. თქვენი შეხედულებით, რა არის დედაქალაქის უმთავრესი პრობლემა? 

ალეკო ელისაშვილი: გამოკვეთილად 3 ურბანული პრობლემაა – ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსპორტი და ქაოტური მშენებლობები. მაგრამ ცალკე აღებული პრობლემები კი არა, ქაოტურმა მშენებლობებმა შექმნა ტრანსპორტის პრობლემები, მაგალითად, უზარმაზარი კორპუსებია და არ არის შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ადგილები. ასევე, არ არის დათვლილი, როცა სამშენებლო ნებართვას გასცემდნენ, საბურთალოს ქუჩის გამტარუნარიანობა, ნებართვები გაცემულია უზარმაზარ კორპუსებზე და გადაიტვირთა ეს ქუჩა. ქუჩის გადატვირთვა თავისთავად გულისხმობს საცობებს, რომელსაც, თავის მხრივ, მოჰყვება გამონაბოლქვი. ამ გამონაბოლქვისგან დაბინძურდა ჰაერი და ა.შ. ეს პრობლემები ურთიერთკავშირშია. მათ ერთმანეთი წარმოშვეს. ეს დეველოპერული ველური ძალისხმევა შევარდა და სკვერები და პარკები გაიჩეხა, რადგან აღარ არის ფიზიკურად მეტი ადგილი. ესეც თავისთავად აისახა ჰაერზე და ა.შ.

 

ჩემი მიზანია, ხალხი დავარწმუნო, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე უფულოდ, ერთად და ძალიან მონდომებით შევცვალოთ რეალობა ამ ქალაქში და შევძლო წარმოუდგენელი – ჩემი გამარჯვება.

 

ამ ყველაფრის ერთ-ერთი წამალი არის ტრანსპორტის გაჯანსაღება. იმიტომ არის ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა, რომ გადაადგილების პრობლემაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის კომფორტული. ასევე, არის ძალიან ცუდი გზები, იმის მაგივრად, რომ  იყოს ინტეგრირებული გზები და სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები და მეტრო ერთმანეთს ავსებდნენ, რეალურად არიან ერთმანეთის მადუბლირებლები. მეტროს თავის ხაზზე მიდის ავტობუსის ხაზი, სამარშრუტო ტაქსის ხაზები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და მგზავრებს ართმევენ ერთმანეთს. 1980-იანი წლებიდან ასე ქაოტურად დაგეგმილი ტრანსპორტის სისტემა გვაქვს. სატრანსპორტო ქსელი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ერთმანეთს ავსებდნენ. პირველ რიგში, უნდა იფარებოდეს ის ტერიტორიები, სადაც მეტრო არ დადის. სატრანსპორტო ხერხემალი უნდა იყოს მეტრო. მეტროზე უნდა დაშენდეს დანარჩენი სატრანსპორტო სისტემა. ყველას ძალიან სიამოვნებს ამ ახალი ავტობუსებით მგზავრობა. კომფორტული, ეკოლოგიური და გამართული სატრანსპორტო სისტემა არის საჭირო. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა დიდი იქნება, შემდეგ ხალხი ნელ-ნელა იტყვის უარს მანქანებით სიარულზე. ეს დროში გაიწელება, მაგრამ აუცილებლად შესასრულებელია.

 

დათვლილი და დაანგარიშებული გვაქვს, 4 წლის ვადაში მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გასამმაგდება თბილისში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.

 

  • თქვენი სოციალური პოლიტიკა როგორი იქნება?

ალეკო ელისაშვილი: პირველ რიგში, რაც შემიძლია, ვთქვა შშმ ადამიანებისთვის, ყველა საჯარო შენობა, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, ადაპტირებული იქნება. ზოგჯერ შენობაში ასასვლელი არის, მაგრამ არ არის საპირფარეშო. შენობაში გადაადგილება შეუძლებელია იმიტომ, რომ ლიფტი არ არის. გარედან, მხოლოდ ვიზუალისთვის, არის ეს ყველაფერი გაკეთებული. მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური ადაპტაცია. ახალი ავტობუსები არის ადაპტირებული, მაგრამ გაჩერებები არ არის ადაპტირებული. მეტრო საერთოდ არ არის ადაპტირებული. შშმ ადამიანებისთვის მეტროთი მგზავრობა შეუძლებელია. ეტლით მოსარგებლე ადამიანები თვალში არ გვხვდებიან იმიტომ, რომ არიან მძევლებად სახლებში გამოკეტილნი.

 

გამოკვეთილად 3 ურბანული პრობლემაა – ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსპორტი და ქაოტური მშენებლობები.

 

  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში სხვა კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას?

ალეკო ელისაშვილი: არა, რადგან არ მინდა, რომ ამით პოლიტიკა დაემსგავსოს ცირკს. ეს არ იქნება სერიოზული. მათ ექნებათ უფლება, რომ მაკრიტიკონ, კრიჭაში ჩამიდგან, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, არასერიოზული რაღაცები კეთებას არ ვაპირებ.

 

ჩემი მისვლის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვა არავის ემუქრება 6 თვის განმავლობაში, ვაძლევ ამის გარანტიას.

 

  • თქვენი შეფასებით, ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი?

ალეკო ელისაშვილი: მე მაქვს ჩემი დღის წესრიგი და ჩემი მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ გავზომო, ვინ არის ჩემი კონკურენტი, არამედ ის, რომ ხალხი დავარწმუნო, გამარჯვება სრულიად შესაძლებელია; რომ ჩვენ შეგვიძლია, ასე უფულოდ, ერთად და ძალიან მონდომებით შევცვალოთ რეალობა ამ ქალაქში და შევძლო წარმოუდგენელი – ჩემი გამარჯვება. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი გამოწვევა.

 

ძალიან სასაცილო ისაა, რომ ჩემი კონკურენტი, რომელიც 5 წელია, ვიცეპრემიერია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, დღეს ოპოზიციონერი კანდიდატივით საუბრობს.

 

  • ცოტა პოლიტიკას რომ გავცდეთ, გკითხავთ: რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი მსოფლიოში?

ალეკო ელისაშვილი: სადაც უნდა ვიყო, 1 კვირაში თბილისში მინდა! ნებისმიერ ადგილას წრიალს ვიწყებ, ჯერ ვერ ვიაზრებ ხოლმე, რა მჭირს და მერე ვხდები, რომ თბილისში მინდა არანორმალურად. სულ მაქვს ის განცდა, რომ რომელი მხრიდანაც უნდა შემოვდიოდე, პატარა ბავშვივით მიხარია! მგონია, რომ სახლში ძალიან მყუდროდ ვარ! მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში თბილისში შემოსვლა მთლად სახარბიელო არ არის. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტამბოლმა.

  • რატომ? როგორ?

ალეკო ელისაშვილი: ეს ქალაქი გამოტენილი არის ისტორიით, – ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ბიზანტიური, რომაული წარსული და თან მერე ჩემზე ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა, იქიდან სულ სხვანაირად დავინახე საქართველო და მისი ისტორია. ჩვენი ბედი ძალიან ხშირად სწორედ იქ წყდებოდა. როცა სამეფო სასახლეში ვიყავი, საშინელი განცდა მქონდა, რომ აი აქ, ამ ოთახებში წყვეტდნენ ჩვენს დასჯას, დარბევას, აოხრებას, პოლიტიკურ ცვლილებებს, მეფის გამოცვლას და ა.შ. ამან ისე იმოქმედა, რომ საქართველოს ისტორიის რეტროსპექტივა მქონდა. რომ დავდიოდი, ვფიქრობ, რამ გადაგვარჩინა-მეთქი?! ბიზანტია და ბიზანტიელები აღარ არსებობენ იმ ქალაქში, ჩვენ კი ვართ ისევ. გასაოცარია!

 

 

თათია კაკიაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები