LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრები ბაზრობებზე და გამოძიებები, რომლებიც არასდროს სრულდება

საქართველოში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა.  “ბავშვთა სამყაროსთან”, რომელიც შარშან დაიწვა, ამჯერად ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულს“ და „თერგს“ გაუჩნდა. ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. ტერიტორიაზე მეხანძრეები ისევ მუშაობენ. დამწვარია, დაახლოებით,  3000 კვადრატული ფართობის ტერიტორია.

ჯერჯერობით  არც ზარალია დათვლილი და არც ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ არის  დათვლილი.

ეს ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრობის დაწვის პირველი შემთხვევა არ არის.  2017 წლის 10 ივლისს “ფორტუნამ”  ბაზრობების ხანძრების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც დღეს ისევ აქტუალურია.

 

ფოთის აგრალური ბაზარი

ფოთის აგრარულ ბაზარში ხანძარი 2017 წლის ივლისში გაჩნდა.  ცეცხლი, დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია.

სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას დაითვლის. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს, რომელიც 187–ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, როდის დასრულდება, არავინ იცის.

მოვაჭრეებს აქვთ ეჭვი, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. ისინი გამორიცხავენ, რომ ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა, რადგან ღამით ბაზარში ელექტროენერგია ითიშება.

რა მოხდა სინამდვილეში ფოთის ბაზრობაზე, ეს, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა, თუ წინა საქმეებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს საკმაოდ შორეული მომავლის პერსპექტივაა – ბაზრობებზე გაჩენილი ხანძრების ძალიან დიდი სია არსებობს, თუმცა გამოძიებება, თითქმის, არც ერთ შემთხვევაში არ არის დასრულებული.

“ფორტუნამ” სცადა, გაერკვია რა ეტაპზეა კონკრეტული ხანძრის გამოძიებები. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

აქვე გთავაზობთ, იმ ბაზრობების სიას, სადაც ხანძარმა ასობით ადამიანის ქონება, ბიზნესი თუ საარსებო წყარო შეიწირა.

 

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

ფოთის ბაზარში ხანძარს წინ უსწრებდა ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ცეცხლი, რომლის “შემთხვევითობაშიც” მოვაჭრეებს ასევე ეჭვი ეპარებათ. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მერიას სრულიად სხვა სივრცის მოწყობის სურვილი ჰქონდა, რაზეც ბაზრის მეპატრონეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. გამოძიება არ დასრულებულა.

ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რადგან ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურდათ.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი ტერიტორიიდან გაყვანა სურდათ, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ.

თბილისის გენერალურ გეგმაში მართლაც არის რეკომენდაცია ელიავას ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანის და მის ადგილზე პარკის აშენების შესახებ, თუმცა ეჭვები ამის შესახებ გუშინვე უარყო დიდუბის გამგებელმა, რიმა ბერიძემ.

„ფორტუნა“ გთავაზობთ საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობებზე მომხდარ შემთხვევებს და მის შედეგებს:

 

2017 წლის 30 იანვარი – “ბავშვთა სამყარო”

ბავშვთა სამყაროსთან – ე.წ. ოქროს ბირჟის შენობა მთლიანად დაიწვა. შენობა ამ დრომდე უფუნქციოა. იქ მომუშავე ადამიანების ნაწილი კიდობნის შენობაში გახსნილ ახალ სავაჭრო ცენტრში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი კი ელექტროობაა.

ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი.

ხანძარმა მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები კონპენსაციის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვენ.

ამ მოთხოვნით, “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები ამ დრომდე მართავენ აქციებს. ისინი აღნიშნავენ, რომ გამოძიება ჭიანურდება.

1.2012 წლის 15 ნოემბერი – ,,ლილოს” ბაზრობა

განადგურდა დაახლოებით, 30-მდე საბაჭრო ობიექტი. ხანძრის შემდეგ, ლილოს ბაზრობა გადაკეთდა „ლილო მოლად“.

2013 წლის 26 თებერვალი – სავაჭრო ცენტრი „საბა“

დაიწვა 7 000 კვ.მ. ფართობი. სავაჭრო ცენტრის მფლობელი, რომელსაც ნაციონალებმა, თავის დროზე, ქონება წაართვეს ხანძარს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს, თუმცა ოფიციალური ვერსია ამ დროისთვისაც არ არსებობს.

2014 წლიდან სავაჭრო ცენტრი საბა განახლდა და დამწვარი დახლები სრულად აღდგა. იმ 7 ათას კვადრატულ-მეტრზე, რომელიც ხანძარმა შეიწირა, 3-სართულიანი ევროსტანდარტების შენობა აშენდა, რომლის საერთო ფართიც 21 ათასი კვ.მ-ია. განახლებული “საბა” სათვალთვალო კამერებით, 24-საათიანი დაცვით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემითაა აღჭურვილი.

შენობის აღდგენა 9 მლნ დაჯდა. ახლა “საბაში” ყველა მოვაჭრე დაზღვეულია.

 

2013 17 ივლისი – გასართობი კომპლექსი “ევროპარკი“

ხანძრის შედეგად 1000 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აკვაპარკში ხანძარი მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა.

აკვაპარკი სადაზღვეო კომპანია „ალდაგში“ იყო დაზღვეული. ევროპარკი აღდგა და მისი ფილიალები ახლა ბათუმსა და ქუთაისშიცაა.

საყურადღებოა, რომ იმავე წლის 22 აგვისტოს თბილისის ზღვაზე აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ გაიხსნა, რომელმაც სანამ ევროპარკი აღდგა, მისი კლიენტები მიიზიდა.

 

2014 25 აგვისტო – სენაკის ბაზრობა

სენაკის ბაზრობა მთლიანად დაიწვა. ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრის ფართობს ეკიდა. ბაზრობის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული და მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში დაცვის თანამშრომლები აფრთხილებდნენ.

ხანძრის შედეგად დაიწვა, დაახლოებით, 250-მდე მოვაჭრის საქონელი.

ბაზრის მფლობელი, სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და კოალიცია „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.

 

2014 16 სექტემბერი – “ბოშათა“ ბაზრობა

ვაგზლის მოედანზე, წინამძღვრიშვილის #198-ში 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა. მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ ხანძარი მომხდარი ქურდობის კვალის დასაფარად განზრახ გააჩინეს.

ხანძრის შემდეგ ბაზრის მოპირდაპირე მხარეს ახალი კომერციული ფართები აშენდა.

 

2014 7 დეკემბერი – ხოფას ბაზრობა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩენილი ცეცხლი 600 კვ/მეტრზე გავრცელდა.

 

2015 21 იანვარი – “ისნის” ბაზრობა

ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ.

ამ სიას გუშინ დაემატა დამწვარი „ბავშვთა სამყარო“, რომლის მოვაჭრეები ხანძარს უბედურ შემთხვევად და გაუფრთხილებლობას ნამდვილად არ უკავშირებენ.

 

 

წარსულის გამოცდილება

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველი რომაა, ამ შემთხვევაშიც სიმართლეა. პირველი და ყველაზე მასშტაბური ხანძარი თბილისში, ოპერაში 1847 წლიდან რამდენჯერმე გაჩნდა. წლების შემდეგ დადგინდა, რომ ხანძარი ხელოვნურად მოაწყო დასის ოპოზიციურმა ნაწილმა, რომლებიც შესაბამის როლებს ვერ იღებდნენ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გამოძიება დასრულებულია და ხანზრის გამომწვევი მიზეზიც ვიცით.

წარსულის ამ გამოცდილებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველთვის არა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში – ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.

თუკი ყველაფერს შემთხვევითობას მივაწერთ, აღმოვაჩენთ, რომ შენობებში, ძირითადად, გაუმართავი ელექტრომოწყობილობებია. ამასთან, გაზის სისტემები ხშირად არასწორადაა დამონტაჟებული. ობიექტებზე პირველადი დახმარების საშუალებებიც არ არსებობს.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე კი ერმა აუცილებლად უნდა „შეიძინოს“ ახალი კულტურა – საკუთარი საქონლის თუ ბიზნესის დაზღვევა, რაც შემთხვევითობის, თუ გამიზნული ბოროტების მძიმე შედეგებს შეამცირებს.

რადგან არ არის გამორიცხული, რომ ხვალ მორიგ ობიექტზე გაჩნდეს ხანძარი, იმავე დღესვე გამოძიება 187–ე მუხლით დაიწყოს და არ დამთავრდეს.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები