LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ბუნიათიშვილი გერგიევის წინააღმდეგ: „ის პუტინის პირდაპირი პროპაგანდისტია“ (ვიდეო)

157

ხატია ბუნიათიშვილი საქართველოს სტუმრობდა. მან 14 სექტემბერს ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, ზუბინ მეტას დირიჟორობით, კონცერტი გამართა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან ინტერვიუ მისცა ნოდარ მელაძეს, „კურიერ პ.ს.“-ისთვის.

ინტერვიუში მან ისაუბრა ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტზე მონაწილეობის შესახებ – მოგეხსენებათ, მან ორგანიზატორებს უარი უთხრა იქ გამოსვლაზე, ვინაიდან არ ეთანხმება მაესტრო გერგიევის მოსაზრებებს და მის მხარდაჭერას, რომელსაც ცნობილი დირიჟორი ვლადიმერ პუტინს უცხადებს.

ხატია ამბობს:

„ეს იყო პროტესტი, როგორც ქართველის და როგორც ადამიანის. ბასტილიის დღეს უნდა გაჟღერდეს მარსელიეზა, საფრანგეთის ჰიმნი.  ეს არის სიმბოლური თარიღი, როცა ადამიანები ადამიანის უფლებების ქვეყანაში ერთად ვდგავართ და ვზეიმობთ, რომ აქამდე მოვედით და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეს დირიჟორიც სიმბოლურად დაკავშირებული იყოს მსოფლიოს დემოკრატიულ ნაწილთან, ჩემთვის გერგიევი არ არის ამ ნაწილთან დაკავშირებული, რადგან ის არის პუტინის პირდაპირი პროპაგანდისტი.

როგორც მსოფლიოს მოქალაქისთვის, ეს იყო მიუღებელი. გადავინაცვლოთ ცხინვალზე – ცხინვალში 200 მეტრში იყვნენ  დატყვევებული ქართველი ბიჭები და სულ ერთია, რა ეროვნების იქნებოდნენ ისინი, იქ კონცერტის გამართვა, ზეიმი და იმის თქმა, რომ ქართველებმა გენოციდი მოაწყვეს, სრულიად მიუღებელი და არაზუსტი იყო, მეორე მხრივ, ეს კიდევ უფრო აღვივებდა დაპირისპირებას ქართველებსა და ოსებს შორის მაშინ, როცა ჩვენ ძმებივით უნდა ვიცხოვროთ. ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ ჩვენ რეგიონში ყველა მტრები უნდა ვიყოთ, ვერ ავიტანოთ ერთმანეთი, რათა დაგვყონ და მოახერხონ ჩვენი კონტროლი.

საფრანგეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, გარდა იმისა, რომ იქ ვცხოვრობ, ადამიანის უფლებები ყველაზე მეტად განვითარდა, ამიტომ ეს იყო სრულიად მიუღებელი და საჯარო პროტესტი“.

ხატია ფიქრობს, რომ ხელოვანების ცხოვრება პასუხისმგებლობასაც უკავშირდება – „ფრანგმა კოლეგებმა მითხრეს, ისინი ქართველები რომ ყოფილიყვნენ, ამ კონცერტზე არ დაუკრავდნენ…“, აღნიშნა მუსიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები