LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხდება თუ არა დახურული შახტების თანამშრომლებზე ზეწოლა – მეშახტეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ

“ტყიბულში შახტების დახურვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურების სანაცვლოდ, თანამშრომელთა ნაწილი მაინც ჩადის სამუშაოდ” – ინფორმაციას „ფორტუნას“ ერთ-ერთი მაღაროელი რუსლან ბუცხრიკიძე უდასტურებს.

მისი თქმით, გარდა იმ სამუშაოებისა, რაც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, მეშახტეთა ნაწილი სარემონტო სამუშაოებსაც ასრულებს. როგორც ბუცხრიკიძე ამბობს, თანამშრომელთა ნაწილი ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს და მაღალი ანაზღაურების ზეპირი შეთავაზებით, მაღაროში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად მაინც ჩადის. „ფორტუნას“ წყაროს ინფორმაციით, „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა მეშახტეებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც ახდენს და თანამშრომლებს აშინებენ, რომ თუ ახლა სარემონტო სამუშაოები არ ჩატარდება, შახტა გაჩერედება და სამუშაო ადგილებს სამუდამოდ დაკარგავენ.

 

„არის სამუშაოები, რომელიც შახტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია და ამას სამთო მაშველები აკეთებენ, თუმცა როცა მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, მუშები ეხმარებიან, ეს გაცილებით უსაფრთხა. გარდა ამისა, მუშები შახტაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლადაც ჩადიან, ხდება რკინიგზის გაკეთება, დეტალების დამაგრება და ა.შ. და ეს სამუშაოები აუცილებლობას არ წარადგენს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ რუსლან ბუცხრიკიძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს “საქნახშირის” გენერალურ დირექტორთან შეხვედრაც გაიმართა. გენერალურმა დირექტორმა პაპუნა ჯაყელმა სარემონტო სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსლან ბუცხრიკიძის ინფორმაციით, საფრთხის მიუხედავად, შახტაში მუშების ჩაყვანის გადაწყვეტილება, წარმოების ახალმა ხელმძღვანელმა ელდარ ჩაფიძემ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ელდარ ჩაფიძე გაფიცვების შემდეგ თავად მეშახტეების მიერ დასახელებული ახალი ხელმძღვანელია.

 

 

ელდარ ჩაფიძე  „ფორტუნასთან“ ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ რამდენიმე მუშა არასწორ ინფორმაციას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ავრცელებს.

შახტაში მხოლოდ აუცილებელი სარემონტო სამუშაოების გამო ჩავუშვით მუშები, რკინიგზის შეკეთება ან სხვა რაიმე ტიპის სამუშაო არ ჩატარებულა. რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც აქ დასაქმებულთა უმრავლესობა არ ეთანხმება, პირადი ინტრესებიდან გამომდინარე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მათ უნდათ რაც შეიძლება დიდხანს იყოს შახტა გაჩერებული და მხოლოდ კომპენსაციები აიღონ. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოების შეჩერებას, ამ პიროვნებების მიერ ულტიმატუმი იყო წამოყენებული, რომ ყოველგვარ ინციდენტზე ჩვენ უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, ჩვენ ბუნებრივ მოვლენაზე ან მუშის დაუდევრობაზე ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას და ამოვიყვანეთ მეშახტეები მაღაროდან,“ – ამბობს რუსლან ბუცხრიკიძე „ფორტუნასთან“.

 

„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კიდევ ერთ მეშახტეს დაუკავშირდა, რომელიც თავად ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს.

ხვიჩა გაბუნიას თქმით, შახტაში მხოლოდ გეგმიური, აუცილებელი სამუშაოები ჩატარდა და არც დამატებით ანაზღაურებაზე ყოფილა საუბარი.

„მაღაროში მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. ე.წ. დოლომიტის სამუშაოები. ეს პროცესი აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს ნახშირმომპოვებელ უბანზე აფეთქება. ეს სამუშაოები უბნის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ამაზე წინასწარ იყო შეთანხმება, სხვა სარემონტო სამუშაოებზე ან დამატებით ანაზღაურებაზე ინფორმაცია ტყუილია,” – ამბობს ხვიჩა გაბუნია.

მისივე თქმით, გეგმიურ სამუშაებზე შახტაში ჩასვლა მუშების თანხმობით ხდება და ხელმძღვანელობის მიერ იძულებას ადგილი არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები