LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის ბიჭები – რამდენად არსებობს მოზარდებს შორის შურისძიების საფრთხე

1 დეკემბერს მომხდარი წლის ყველაზე სისხლიანი ისტორიის ყველაზე დრამატურლი მოვლენა ხორავას ქუჩის 4 ნომრის ვიწრო ეზოში განვითარდა. 51-ე სკოლის საპირფარეშოში, მოზარდებს შორის პნევმატური იარაღით დაწყებული კონფლიქტი პირველი ექსპერიმენტული და 51 სკოლის მოსწავლეების საქმის გარჩევაში გადაიზარდა და მეზობელ უბანში გაგრძელდა.

სკოლის 20-მდე მოსწავლეს შორის ჩხუბი ორი მოზარდის გარდაცვალებით დასრულდა. საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. 6 თვიანი გამოძიების მანძილზე დღეს პროკურატურამ საქმის მასალები პირველად გაასაჯაროვა.

 

 

დანები, მოკლული მოზარდების ტანსაცმელი, პირადი ნივთები და მაკრატელი, ნივთი რომლის ირგვლივაც კითხვის ნიშნები დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნის შემდეგ გაჩნდა.

არის თუ არა მაკრატელი ან მაკრატლის მსგავსი ნივთი 17 წლის დავით სარალიძის მკვლელობის სავარაუდო იარაღი, ამაზე ოჯახს და პროკურატურას განსხვავებული ვერისები აქვთ.

გარდაცვლილის მამა ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ მისი შვილის მკვლეობაში რეალურად ორზე მეტმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა და მიყენებული 14 ჭრილობა რამდენიმე განსხვავებული იარაღით არის განხორციელებული. მამას ეჭვებს საქმეში სხვა დამნაშავეების მონაწილეობაზე დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნაც უმძაფრებს. ექსპერტი საქმეში ერთ-ერთი ბრალ­დებულის ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო. მაია ნიკოლეიშვილი გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, დასკვნის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა  სასამართლო პროცესებზე ცნობილი გახდა, რომ ექსპერტი დავით სარალიძის სამოსზე თოლიას ფორმის ჭრილობაზე მიუთითებდა, რაც მაკრატლის მსგავსი ნივთით შეიძლება ყოფილიყო მიყენებული.

 

 

ზაზა სარალიძე პროკურატურას დამნაშავეების მფარველობაში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კი, მტკიცებულებათა გაყალბებაში ადანაშაულებს.

„ამოღებული მტკიცებულება, დანა სამხარაულის ექსპერტიზამ დააზიანა და მასზე განმეორებითი ექსპერტიზა ვერ ტარდება,  ფარდული, სადაც შემთხვევა მოხდა და შეიძლებოდა სურათის აღდგენა, განადგურებულია. რაც შეეხება მაკრატელს, არასწორად გავრცელდა საზოგადოებაში ინფორმაცია და პროკურატურა მტკიცებულებების გამოქვეყნებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, ნიკოლეიშვილის დასკვნაში საუბარია არა მაკრატელზე, არამედ მაკრატლის მსგავს ორპირა ნივთზე,“- ამბობს „ფოტუნასთან“ ზაზა სარალიძე.

საექსპერტო მასალების არასათანადოდ შენახვაზე მიუთითებენ ბრიტანელი ექსპერტები. ისინი საქმეში მეორე ბრალდებულის თხოვნით ჩაერთვნენ.

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სასამართლო პროცესების მიწურულს არა მარტო დაზარალებულსა და პროკურატურას შორის, თავად დაზარალებულ ოჯახებს შორის დაპირისპირების მიზეზადაც იქცა. მოკლული დავით სარალიძის მამისგან განსხვავებით, პროკურატურის ვერსიას სრულად იზიარებს მეორე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედა. ის მაია ნიკოლეიშვილის დასკვნას არ ენდობა.

„ეს იყო ქართული სამედიცინო ექსპერტიზის სირცხვილი. განსაკუთრებით აღმაშფოთა იმან, რომ დაასკვნა, თურმე, მაკრატლით არის ჩემი შვილი მოკლული. როგორ შეიძლებოდა იქ მაკრატელი ყოფილიყო ნახმარი. ელემენტარულად თუ ხარ პროფესიონალი, ამას არ იტყვი. ჩემს შვილთან ფიგურირებს ერთი დანა. არ დავინახო, ვინმემ მითხრას, რომ ლევანის წინაშე ორი მკვლელი იყო. მე, რაკი 6 თვე ხმას არ ვიღებ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს საკუთარი ვერსია. მე შეიძლება, ვიცოდე ისეთი რამ, რაც პროკურატურამაც არ იცის. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება, სხვას დავაბრალო?!“ – ჰყვება დადუნაშვილის დედა.

 

 

რატომ იწვევს მოკლული ლევან დადუნაშვილის დედის გაღიზიანებას მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა, ზაზა სარალიძისთვის გაუგებარია.

„ლევანის მკვლელი იდენტიფიცირებულია და ბრალდებულის სკამზე ზის, მე არ ვითხოვ მათ გათავისუფლებას, მე ვსაუბრობ კიდევ სხვა დამნაშავეებზე, ჩემი შვილის ეპიზოდში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა,” – ამბობს ზაზა სარალიძე.

არცერთი სხვა დამნაშავე, არცერთი სხვა იარაღი

„არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს დანა აქვს გამოყენებული, არის არა ერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეთა ჩვენებები, მკვლელობის იარაღები, ეს არის უტყუარი მტკიცებუილებები. პროცესი სრულდება და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან,” – განაცხადა 6თვის შემდეგ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ.

არცერთი სხვა დამნაშავე, არცერთი სხვა იარაღი – ასეთია საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ოფიციალური პოზიცია. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან სულ 22 ნივთია ამოღებული, მათ შორის სამედიცინო მაკრატელი.

„ჩატარებული საგამძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებებით,“ – აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

საქმის ჩრდილოვანი ფიგურა 

 

გარდაცვლილი მოზარდის დავით სარალიძის მამა, პროკურატურის ქმედებების უკან ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის კვალს ხედავს. როგორც ცნობილია, სისხლიანი გარჩევის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის სასჯელს იხდის სუბელიანის ქვისლი, თენგიზ კალანდია. სუბელიანს კი, მოკლული მოზარდის მამის ინფორმაციით, პროკურატურა ხელს აფარებს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ჩხუბში სუბელიანის და კალანდიას შვილებიც ფიგურირებენ.

„მირზა სუბელიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში,ზუსტად იგივე დანაშაუილი აქვს ჩადენილი, რაც მის ქვისლს თენგიზ კალანდიას და სუბელიანი არა თუ დაკითხული, გამოკითხულიც კი არ არის“ – ამბობს სარალიძე.

ის, რომ არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში, მირზა სუბელიანის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებთ,  ადასტურებს მთავარი პროკურორიც.

რატომ  შეიძლება მფარველობდეს პროკურატურა ყოფილი თანამშრომლის შვილს, “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, სუბელიანი პროკურატურას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული ციხის კადრებით აშანტაჟებს.

ვერსიას თავად სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს.

„ბრალდება, რომ თითქოს მე მაქვს მსჯავრდებული მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები, იმდენად აბსურდულია, რომ კომენტარადაც კი არ ღირს, უბრალოდ მოკლედ განვმარტავ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობის პერიოდში, სწორედ გენერალურმა ინსპექციამ ჩემი ხელმძღვანელობით, ჩაატარა სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმება და დავადგინეთ, რომ რასაც მერაბიშვილი აცხადებდა, იყო ტყუილი, წინასწარ მოფიქრებული სპექტაკლი და რეალურად მის საკნიდან გაყვანას ადგილი არ ქონია,“ – ამბობს სუბელიანი.

პირველ დეკემბერს დაწყებული სისხლიანი გარჩევის საქმე დასკვნით ეტაპზეა გადასული. დღეს სასამართლომ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

რა მოხდება თუ გამოძიება დაზარალებული სარალიძის პრეტენზიებს არ გაითვალისწინებს?! მოკლული მოზარდის მამის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე შვილის მეგობრებმა მეგობრისთვის შური იძიონ. ზაზა სარალიძეს მოზარდებს შორის ახალი დაპირისპირება კატეგორიულად არ სურს და შვილის მკვლელების გამოსავლენად ბრძოლას მშვიდობიანი, სამართლებრივი გზით გეგმავს.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები