LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

23

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობილია, რომ ბრალდების მხარე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დ.ღ. ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ხელახალი ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ორი მოზარდის მიმართ განაჩენი დადგა.

სასამართლოს მიერ ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ვადად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს, მას სასჯელის სახით თავდაპირველად 13 წლით თავისუფლებლის აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ხელახალი ძიების ფარგლებში შსს-მ საქმეზე დ.ღ.-ს გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავა.

პოპულალურები