LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ძალაში შედის კანონი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება

74

ხვალიდან ძალაში შედის კანონი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული ხდება: – საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ნაწილი ძალაში 1-ელი მაისიდან შედის, თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარებში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ამასთან, სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან.

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები