LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვაზე პასუხის ნაცვლად შეურაცხყოფას და დახურულ შეხვედრას ვიღებთ – ელენე ხოშტარია

88

მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს, გადადოს გვერდზე თავისი ემოციები და ნუ შექმნის ისეთ ატმოსფეროს, როდესაც იკეტება თავის კარში და განსხვავებულ აზრს არ უსმენს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, თბილისის განვითარების გენერალური გეგმა ქალაქისთვის მნიშვნელვანი დოკუმენტია, რაზეც მსჯელობა უნდა შედგეს.

,,ქალაქის გენგეგმა არ არის პარტიული დოკუმენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მსჯელობა, თუ რა ტიპის გენგეგმა გვექნება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც უკვე „ქართული ოცნების“ ქალაქის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელზეც ბუნებრივია არსებობს დიდი მოლოდინი თუ რაში დავხარჯეთ ეს თანხა და რა არის ამის შედეგი. რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა. არაპროფესიონალური, მიზანმიმართული გამოლანძღვა გენგეგმის ჯგუფის, ანუ მერიის კონტრაქტორის, პირდაპირ გასალანძღად შეკრებილი საჯარო შეხვედრა, სადაც ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება იმისთვის, რომ კახა კალაძემ ეს გეგმა არ მიიღოს.

ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა იმიტომ, რომ განხილვა ამ თემაზე უნდა იყოს, მაგრამ გადაბრალება ვიღაცაზე და თან დაუსაბუთებლად არის არასამართლიანი და არასწორი. ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე საჯარო შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია გამოვიდა კრიტიკული შენიშვნით პირდაპირ ძალადობას მიმართა, გამაწყვეტინეს სიტყვა, გაიქაჩა მეორე ოპოზიციონერის მიმართ, ანუ წამომწყები აქ უშუალოდ იყო მერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბლოკოს განსხვავებული აზრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის ატმოსფერო, სადაც ჩვენ შევძლებთ ქალაქისთვის რაიმე სასარგებლო შედეგის მოტანას. მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს, გადადოს გვერდზე თავისი ემოციები და ნუ დათესავს ისეთ ატმოსფეროს, როდესაც იკეტება თავის კარში და განსხვავებულ აზრს არ უსმენს. როგორ შეიძლება არ დასვა კითხვა სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შეურაცხყოფებს და დახურულ შეხვედრებს,’’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პოპულალურები