LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კლუბური ნარკოტიკი და მარიხუანა არის გზა ჯოჯოხეთისკენ” – ექიმი-ნევროლოგი მსუბუქი ნარკოტიკის საშიშ მხარეებზე

175

გადაცემის ლაივი LIVE

უსაფრთხოა თუ არა მარიხუანა, იწვევს თუ არა ის შეჩევავს და შესაძლოა თუ არა მარიხუანას მოხმარება  გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. არსებობს თუ არა მსუბუქი ნარკოტიკი და როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეგრეთწოდებული „კლუბური ნარკოტიკი“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფის ექიმმა-ნევროლოგმა, ირინა ურუშაძემ უსაბრა.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრებები, რომ მარიხუანა არ ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, ან არ იწვევს მიჩვევას, არ იწვევს დამოკიდებულებას – ასეა თუ არა ეს?

ვეცდები ისე ვისაუბრო, რომ არც პროპაგანდა გამომივიდეს და არც გავამწვავო საკითხი. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? მაგალითად ავიღოთ ღალატი – არსებობს მსუბუქი ღალატი და მძიმე ღალატი? ქალბატონი, რომელსაც მეუღლე ჰყავს, შეიძლება თუ არა სხვა მამაკაცს გაჰყვეს რესტორანში, აკოცოს, ეცეკვოს, მსუბუქი ფლირტი აწარმოოს და დაბრუნდეს სახლში? ყველასთვის საშინელებაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის მანდილოსანი, რომელსაც მეუღლე ჰყავს და სხვა სექსუალურ პარტნიორს გაიჩენს. რატომ გამიჩნდა ასეთი ასოციაცია – მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ცნების არსებობა მე არასწორად  მიმაჩნია. ნარკოტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ხსნის გზას. ამას რომ დაუშვებ, ამას რომ მიიღებ, მერე გიჩნდება ლტოლვა, ცნობისმოყვარეობა და სურვილი. მე ემოციის დონეზე მოტივაციებზე ვსაუბრობ, თუმცა რასაკვირველია მსუბუქი ნარკოტიკის ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ჩნდება ტოლერანტობა და შემდეგ დამოკიდებულება. ამ დამოკიდებულების მოსასპობად კი აუცილებლად გაჩნდება მოთხოვნილება მძიმე ნარკოტიკების მიმართ. ამიტომ, მგონია, რომ ამ ნივთირებების „მსუბუქად“ და „მძიმედ“ დაყოფა არასწორია. არ ვიცი როგორ ვთქვა ეს ანდაზა ქართულად, თუმცა ზუსტად შეესაბამება – „Игра не стоит свеч“. ჩვენ ისეთ ცუდ შედეგებს მივიღებთ, რომ ის მცირე სამედიცინო ეფექტები ამად ნამდვილად არ ღირს.

კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. ამბობენ, რომ ზომიერად მოხმარებული მარიხუანა ზიანის მომტანი არ არის, უფრო მეტიც, ის ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს… შეუძლია თუ არა მარიხუანამ მართლაც მოახდინოს რაიმე დადებითი გავლენა ორგანიზმზე?

მარიხუანა არის მცენარე, რომლის ლათინური სახელწოდებაა Cannabis sativa. ყლორტებისგან ზეთი კეთდება, ფოთლები კი შრება და მას ინჰალაციის გზით მოიხმარენ – ეს ინფორმაცია საზოგადოებამ კარგად იცის. რაც შეეხება მის ეფექტს, ვეცდები გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ნივთიერება კანაბინოიდი, რომელსაც გარკვეულ წილად აქვს დადებითი გავლენა ორგანიზმზე. საქმე მიდგომებსა და გამოცდილებაშია. თუ ვისაუბრებთ ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ჩემი ასაკის ადამიანებზე, თუნდაც თქვენი ასაკის ადამიანზე, ნატა, შეგვიძლია ჩვენ გაცნობიერებულად მივუდგეთ ამ საკითხს და გარკვეულ წილად დადებითი ეფექტისთვის, ძალიან იშვიათად გამოვიყენოთ და არ გაგვიჩნდეს ტოლერანტობა, შესაბამისად დამოკიდებულება. მაგრამ, რა ვუყოთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ნერვული სისტემა ჩამოყალიბებული, არ აქვთ სამყარო გაცნობიერებული. ამ ადამიანებს ვერ გავაგებინებთ, როგორ მოიხმარონ მარიხუანა. მოზრდილები მოზარდებისგან ჭკუით არ განვსხავდებით, ჩვენ უბრალოდ მეტი გამოცდილება გვაქვს. მე რომ ვიტყვი, რომ მარიხუანას დადებითი ეფექტი აქვს, მოზარდი მხოლოდ იმას გაიგებს, რომ მარიხუანა კარგია. ამას ვუფრთხი, ეს მაფერხებს იმაში, რომ სწორად ჩამოვაყალიბო მარიხუანას დადებითი და უარყოფითი ეფექტები. დადებითი ეფექტები ნამდვილად აქვს. მარიხუანა, კერძოდ ნივთირება კანაბისი, სინაფსის მეშვეობით, თავის ტვინში ააქტიურებს ნერვული იმპულსის გადაცემას, ახდენს მისი ორმხრივი პარალელური ნაკადებით მოძრაობა-მიმოსვლას. ეს აუმჯობესებს მეხსიერებას, ინტელექტს, გუნება-განწყობილებას, ააქტიურებს მადას, ადამიანი ხდება ოპტიმისტი, მას მეტი შეუძლია, ვიდრე ამის გარეშე. იგივე ონკლოგიის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ემოციურ დონეზე აქვს ეფექტი, აქვს ის თვისებებიც, რომელიც ამ საშინელ მოვლენას, რომელსაც აპოპტოზი ქვია, გარკვეულ წილად აფერხებს. აპოპტოზი არის უჯრედში თანდაყოლილად ჩადებული საკუთარი თავის სუიციდური პროგრამა, ეს ნევროლოგიაში ძალიან საინტერესო საკითხია. ეს მექანიზმი წამყვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. კვდება უჯრედები, მარიხუანა კი გარკვეულ წილად, გარკვეულ ეტაპებზე კვდომის პროცესებს აფერხებს.

თქვენ აღნიშნეთ დადებითი ეფექტები და თქვით, რომ აქ ზომიერების აღქმის პრობლემაა, რასაც მოზარდები ვერ ახერხებენ. ფრაზა – „არ არის ცუდი“, მათში სხვაგავარდ მუშავდება. შეგვიძლია თუ არა ჩამოვთვალოთ უარყოფითი მხარეები, რაც შეიძლება მარხუანას არაზმომიერმა, სისტემატიურმა მოხმარებამ გამოიწვიოს?

მარიხუანას ორგანიზმზე აქვს ობიექტური და სუბიექტური მოქმედება. სუბიექტური სიმპტომებია ზუსტად ემოციური ტალღა, ობიექტურ სიმპტომებში კი მისი გავლენა იგულისხმება სხვადასხვა ორგანოებზე. ყველაფერს მასტიმულირებელი მოქმედება აქვს. ჩვენს ორგანიზმში არსებობს ცდომილი ნერვი და მისი ბოჭკოები ყველა შინაგან ორგანოსთან მიდის. ცდომილი ნერვის სტიმულირება გულის ცემის გაიშვიათებას იწვევს. მისი ზოგადი მასტიმულირებელი, აღმგზნები მოქმედების გამო, მისი სისტემატური გამოყენება არ მიმაჩნია, რომ სწორია. ორგანიზმს არ შესწევს იმის უნარი, რომ მუდმივად ზეზღურბლოვან აღგზნებაზე ფუნქციონირებდეს, ეს ყოველთვის უარყოფით გავლენას გამოიწვევს.

შესაძლებელია თუ არა, რომ მარიხუანას მოხმარება გახდეს გზა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ?

რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს არის პირველი ნაბიჯი იმ აკრძალული, საშინელი და დამღუპველი პროცესებისკენ, რომლებსაც ძალიან დიდი უბედურება მოაქვთ. თუნდაც კლუბური ნარკოტიკი, თუნდაც მარიხუანა – ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ.

შეიძლება თუ არა მარიხუანას ზომიერმა მოხმარებამაც გამოიწვიოს „ლომკა“ და შეიძლება თუ არა, რომ ზომიერებაშიც დავიკარგოთ?

ეს არის ზუსტად ის ერთადერთი უარყოფითი თვისება და აკრძალვა. მეცნიერულ, ნეირობიოლოგიურ დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ თითქოს არ იწვევს დამოკიდებულებას. მაგრამ, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ რადგან ხელოვნური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სინამდვილეში, არ მოუნდება ეს გაიმეოროს, მას ყოველთვის მოუნდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, მის ნერვულ სისტემას ყოველთვის დასჭირდება წახალისება. ეს გადავა ტოლერანტობაში და საბოლოოდ დამოკიდებულებაში.

რა არის კლუბური ნარკოტიკი და აქვს თუ არა მას უკუჩვენება?

მე ვფიქრობ, რომ ნარკოტიკი მსუბუქი არ არსებობს. ჩვენს თავის ტვინში, ნერვულ უჯრედთან კონტაქტობს და ფუნქციონირებს ნეირომედიატორის საშუალებით. ინფორმაცია ნეირონიდან ნეირონზე გადადის სინაფსში ნივთიერების გამოყოფით. მაგალითად, ერთ-ერთ ნივთიერებას ქვია დოფამინი. კლუბური ნარკოტიკი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას. კლუბური ნარკოტიკები შედიან ამფეტამინების ჯგუფში და მათგან ყველაზე გავრცელებულია ექსტაზი. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდ ძვრებს იწვევს თავის ტვინში ნარკოტიკი, რომ ჩვენს სინაფსურ ტერმინალებში, ანუ ნეირონისა და ნეირონს შორის კავშირის ადგილში გროვდება დოფამინი. როგორ შეიძლება ამას ზერელედ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს ნარკოტიკს არ მიეკუთვნება. ეს იმდენად პოლიფუნქციური გავლენაა, რადგან ჩვენ თავიდან ბოლომდე თავის ტვინით ვიმართებით, როგორ შეიძლება არაფერად ჩავაგდოთ. გარდა დოფამინისა, არის სეროტონინი, მას უფრო იცნობენ როგორც სიხარულისა და ბედნირების ჰორმონს. არის ოქსიტოცინი, მაგალითად შვილები ოქსიტოცინით გვიყვარს. ვიღვიძებთ დოფამინით, სიამოვნების განცდა სეროტონინითა და დოფამინით გვაქვს. სწორედ მათი სტიმულირება ხდება ამფეტამინების გამოყოფის საშუალებით. სხვადასხვა გზებით, სეროტინის, დოფამინის, სეროტონინის დაგროვება იწვევს ჩვენში ეიფორიას, შიშის არ არსებობას, გახსნილობას, აღარ გვაქვს პიროვნებათა შორის ინტერაქციის პრობლემა, ყველას ვედნობით, ითრგუნება ჩვენი ეგო, პიროვნება. ხომ გესმით, რა სიღრმისეულ ძვრებზე ვსაუბრობთ.

რა ხდება შეგრძნებების გავლის შემდეგ?

მერე იწყება ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთში მიმავალი კიბე, რომლის საფეხურიდან საფეხურზე ადამიანის ტანჯვაა. ეს საშინელებაა და დიდი ზიანია თავად ამ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და სახელმწიფოსთვის. ხდება სრული პიროვნული დეზადაპტაცია. ადამიანს აღარ შესწევს ნორმალურად ცხოვრების უნარი. მას მუდმივად გარეგანი სტიმულირება სჭირდება. თუმცა, სტიმულირების შედეგადაც ვეღარ არის ადამიანი ადეკვატური. ჩვენ გარკვეული ჰომეოსტაზით, ჩვენი ნეირომედიატორების თანაფარდობით ვიბადებით, რომელიც ჩვენი ნორმალური აღქმის პროცესებში მონაწილეობს. აქ ჰომეოსტაზი ირღვევა. ადამიანს აღარ შეუძლია მამობა, დედობა, ქრმობა, ცოლობა – იღვევა სოციალიზაციის ყველანაირი ხარისხი.

რა გამოსავალი არსებობს ამ დროს და როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნარკოტიკების მოხმარებას? 

სქემა იმუშავებს იდეალურად და შეუცდომლად, თუ არსებობს ადამიანის მონდომება, მთავარი ეს არის. თავმოყვარეობის შემლახველია რაიმეზე დამოკიდებულება, რაიმის მანია. არაჩვეულებრივი სიტყვაა თავისუფლება. ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს არავითარი გარეშე მასტიმულირებელი ნივთიერება იმისათვის, რომ ჰქონდეს სიამოვნების, სევდის ან ბედნიერების განცდა, ამიტომაც არის ის ადამიანი. ჩვენ ვიბადებით სრულყოფილები, ჩვენ თავად გვაქვს ენდოგენური ოპიატები, ენდორფინები, მარიხუანის მსგავსი ნივთიერებები. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაზე მოვევლინეთ სიამოვნებისთვისაც ჩადებული პაკეტით, ცოდნისთვის, წინსვლისთვის, ტრაგედიისთვის ჩადებული პაკეტებით. ამას უნდა ვიცავდეთ და არ უნდა ვსპობდეთ. სქემის მწვერვალზე დგას პიროვნება და მისი მონდომება. ამის შემდეგ კი ჩვენც შეგვიძლია გამოვადგეთ ადამიანებს. არსებობს მთლიანად მოძღვრება ამ თემაზე – ნარკოლოგია. არსებობს ბევრი მანიპულაცია, ინექციები, პრეპარატები, სარებილიტაციო ღონისძიებები. დიდი არსენალი გვაქვს საშინელი მტერის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები