LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის 88-ე წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

67

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 23-24 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის 88-ე წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკი ცენტრალური ბანკების ბანკს წარმოადგენს, სადაც წლიური შეხვედრების დროს ცენტრალური ბანკის მმართველები გასული პერიოდის მოვლენებს აანალიზებენ და მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2014 წლიდან ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის წევრია. კობა გვენეტაძის თქმით, წლიური შეხვედრების ძირითადი თემა 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდგომ, საბანკო ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული რეფორმები იყო. შეხვედრების მონაწილეთა აზრით, ბაზელ III-ის ჩარჩოს განხორციელებამ საბანკო ზედამხედველობის მრავალი მიმართულება მოიცვა.

„ჩარჩოს დანერგვა ცენტრალურ ბანკებს დაეხმარება, გააუმჯობესონ საბანკო სისტემის მდგრადობა და მას უფრო მომზადებულს გახდის მომავალ გამოწვევების მიმართ. ამ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა, რაც სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისათვის ყველაზე კარგი დროა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია განვითარებადი ბაზრებიდან ფინანსური ნაკადების გადინების საფრთხეს ქმნის,“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

შეხვედრებზე ასევე განიხილეს კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნის რეალურ ეკონომიკაზე ფინანსური კრიზისის გავლენაზე სპეციალური მოხსენება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ცენტრალური ბანკის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბენ ბერნანკემ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები