LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის 23 რეკომენდაციიდან 20 გაითვალისწინეს, სიმართლეს არ შეესაბამება – ფაქტჩეკი

22

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებები, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის 23 რეკომენდაციიდან 20 გაითვალისწინა, სიმართლეს არ შეესაბამება,“ – ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტ „ფაქტ ჩეკის” კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 20 რეკომენდაციიდან, რაზეც ირაკლი კობახიძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მხოლოდ 9 რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

კვლევის ავტორები განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, როგორებიცაა: კონსენსუსზე დაფუძნებული კონსტიტუცია, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლიდან, საკანონმდებლო სისტემაში სენატის ან მსგავსი მექანიზმის შექმნა, კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერის გაკეთება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა, გენერალური პროკურორის დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა, პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის უფლების ჩამორთმევა და მისი პრეზიდენტის ან იუსტიციის საბჭოსთვის გადაცემა, ერთი და იმავე სქესის წყვილთა პარტნიორობის გამორიცხვის თავიდან ასაცილებლად სამართლებრივი გარანტიების შექმნა.

თუმცა, კვლევის ავტორების განცხადებით, პარლამენტმა გაიზიარა 9 რეკომენდაცია: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის გამოსაცდელი ვადის გაუქმება, პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა მხოლოდ 2024 წლიდან, პარლამენტის წინაშე პროკურატურის ანგარიშვალდებულებების შესახებ ჩანაწერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნა, სახალხო დამცველის გასამწესებლად კვალიფიციური საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნა და სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება.

კვლევის ავტორების თქმით, ვენეციის კომისიაში კონსტიტუციის პროექტის გადაგზავნის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების ამ პროექტს დაემატა სრულიად ახალი ჩანაწერი, რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას. როგორც კვლევის ავტორებმა განაცხადეს, ამ ჩანაწერის შესახებ, სავარაუდოდ, ვენეციის კომისიის დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში იქნება საუბარი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ივნისს ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა. 23 ივნისისთვის კი, საქართველოს პარლამენტს რიგგარეშე სხდომებზე 115 ხმით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი 2 მოსმენით უკვე მიღებული ჰქონდა. 2 მოსმენით მიღებულ კანონპროექტს მხარს მხოლოდ უმრავლესობა უჭერს. პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მმართველ გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

ცვლილებების მესამე მოსმენით მღება 26 სექტემბერსაა დაგეგმილი. ვენეციის კომისიის პირველადი დასკვნა კი დღეს საღამომდე გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები