LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო შანელის საყვარელი ადგილები პარიზში

588

კოკო შანელს, რომელიც პარიზის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, უამრავი საყვარელი ადგილი ჰქონდა საფრანგეთის დედაქალაქში, რომელთაც დღეს არა მხოლოდ მოდის, არამედ მოგზაურობის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ.

სასტუმრო The Ritz – ამბობენ, თითქოს შანელის და პარიზის „ურთიერთობა“ ყველაზე კარგად სასტუმრო The Ritz-ის სიყვარულში გამოიხატა, სადაც მოდელიორი 34 წელი ცხოვრობდა. ვანდომის მოედანზე მდებარე სასტუმროს ნომერი მეორე სართულზე, თავისი გალაქული კედლებით, მოოქროვილი ლომის ფიგურებით და ელეგანტური შირმებით, სარკეებით და შავ-თეთრი ფერებით – შანელისეული ესთეტიკის ყველა კანონის დაცვითაა გაფორმებული.

პარიზის მოდის კვირეულზე შანელის ნომერში დაბინავება 28 000 ევრო ღირს, იმ შემთხვევაში კი, თუ ნამდვილ დედოფლად გსურთ იგრძნოთ თავი, სასტუმრო ცნობილი ბრენდის პროდუქციით სახის მოვლისა და მასაჟის სრულ პაკეტს შემოგთავაზებთ.

Rue Cambon – თუ დიზაინერის „ნაკვალევს“ გსურთ გაჰყვეთ, მაშინ თანამად გაემართეთ Chanel-ის ფლაგმან მაღაზიაში Rue Cambon-ზე 31 ნომერში, რადგან Ritz-ში დაბინავებამდე,  სწორედ ამ შენობის პირველ სართულზე ცხოვრობდა ქალბატონი შანელი და აქვე აწყობდა მრავალრიცხოვან ჩვენებებსა და შეხვედრებს.

1935 წელს Rue Cambon-ზე  Chanel-ის ხუთი სახლი აშენდა და ქუჩაც ბრენდის თაყვანისმცემელთა შეხვედრის მთავარ ადგილად იქცა. მართალია, თავად მოდელიორის სახლის სტუმრობა, რომელიც ძველი ორიგინალური ავეჯითაა დეკორირებული, შეუძლებელია, მაგრამ ჯადოსნური ატმოსფეროს შეგრძნება ბრენდის ბუტიკებშიც თავისუფლად შეიძლება.  სხვათაშორის, შანელი მოდის სამყაროსა და ბიუთი-ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელმაც ჟასმინის, ზამბახის ფესვისა და ვარდის საკმაოდ რთული ნაზავის გამოყენებით, ჯერ კიდევ 1921 წელს შექმნა საკულტო არომატი Chanel № 5.

კაფე Angelina – ეწვიეთ კაფე Angelina-ს Rue de Rivoli-ზე, რომელსაც ხშირად სტუმრობდა თავად კოკო შანელი. 1903 წელს მოწყობილ მდიდრულ კაფეში უზარმაზარი სარკეებით, მაღალი ჭერითა და თაღებით, აუცილებლად ისიამოვნებთ ცხელი შოკოლადით და არაჩვეულებრივი, პრაქტიკულად საკულტოდ ქცეული Mont-Blanc-ის ფუნთუშებით.

რესტორანი Le Grand Véfour -პალე-როიალზე მოთავსებულ, შანელის საყვარელ რესტორან Le Grand Véfour-ში აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ მაგიდა, რადგან 200-წლოვანი ისტრორიის მფლობელ რესტორანს, სადაც მეტწილად პოლიტიკოსები, არისტოკრატები და ცნობილი ხელოვანები ვახშმობდნენ, ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავს.

ელისეის მინდვრების თეატრი – ვახშმის შემდეგ ელისეის მინდვრების თეატრში დაესწარით კონცერტს ან საინტერესო წარმოდგენას. სხვათაშორის, სწორედ შანელმა შექმნა კოსტუმები Le Train Bleu-ს საბალეტო შოუსთვის, პრემიერას კი, სიამოვნებით დაესწრო. თეატრი მთელი სეზონის მანძილზე მასპინძლობს მრავალფეროვან წარმოდგენებს – მუსიკალური შოუებისა და მსხვილ საოპერო დადგმების ჩათვლით.

Grand Palais – თუ მოგზაურობა კულტურული პროგრამით გსურთ გაამდიდროთ Grand Palais მოინახულეთ, რომელიც Chanel-ის მოდის სახლის სეზონური ჩვენებების ტრადიციულ ადგილად ითვლება, Paris Fashion Week-ის პოპულარული შოუს დასრულების შემდეგ კი, სივრცე უზარმაზარი შუშის გუმბათით, მრავალფეროვან გამოფენებს ეთმობა – ფოტოგრაფიით დაწყებული, პოლ გოგენის ნამუშევრებით დასრულებული.

წიგნის მაღაზია 7L – მადმუაზელ შანელი ხელოვნების ნამდვილი თაყვანისმცემელი იყო, ამიტომ ძალიან მოეწონებოდა წიგნის მაღაზია 7L, რომელიც Chanel-ის სახლის ხელმძღვანელმა კარლ ლაგერფელდმა გახსნა. მაღაზია, რომლის თაროები სავსეა მოდის ისტორიის ილუსტრირებული წიგნებით, არქიტექტურული ალბომებითა და კულინარიული მეგზურებით, საუკეთესო ადგილია შთაგონების საძიებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები