LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლეჯის ტიპის განათლების სისტემის ხიბლი – გადავა თუ არა საქართველო კოლეჯურ სწავლებაზე

400

საქართველოში სწავლა სავალდებულო 9 კლასის ჩათვლითაა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საბაზო განათლება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულოა და მის მიღებას სახელმწიფო ყველასთვის თანაბრად უნდა უზრუნველყოფდეს.  შემდეგ მოსწავლეს შეუძლია, სწავლა გააგრძელოს ან არა. თუმცა, ამის მიუხედავად, სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა სწავლას 12 კლასამდე აგრძელებს. გააზრებულად თუ გაუაზრებლად სწავლას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ასევე სკოლადამთავრებულების უმრავლესობა განაგრძობს.

განათლების სისტემების ხარვეზებზე დარგის სპეციალისტები სამინისტროს წლებია, მიუთითებენ და მის გამოსასწორებლად კონკრეტულ იდეებსაც სთავაზობენ. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, განათლებაზე პასუხისმგებელი უწყება მათ იდეებს ნაკლებად ითვალისწინებს. იდეებს არც უწყების ხელმძღვანელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, უჩივის. ბოლოს მინისტრმა X-XII კლასებში სწავლების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვაზე ანუ ე.წ. კოლეჯის სისტემის შემოღების საჭიროებაზე ისაუბრა.

„სკოლის სტრუქტურა რჩება იდენტური. ერთადერთი, რაც განიხილება, არის ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს გაძლიერებული უმაღლესისთვის მოსამზადებლად, ანუ როგორც კოლეჯი ან გიმნაზიაა ბევრ ქვეყანაში. ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე,“ – აცხადებდა ალექსანდრე ჯეჯელავა რამდენიმე კვირის წინ.

თუმცა,  როგორც „ფორტუნას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ინიციატივა და იდეა ბოლო კლასების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მხოლოდ იდეად რჩება. პროცესი ამ მიმართულებით არ დაძრულა.

ახალი სისტემა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნის კოლეჯის ანალოგად შეიძლება, განვიხილოთ და მომავალი სასურველი პროფესიისთვის მზადებას ადრეული ეტაპიდანვე  გულისხმობს, მსოფლიოს ძალიან ბევრ წამყვან ქვეყანაში სხვადასხვა ვარიაციით წარმატებული და პოპულარულია.

კოლეჯის სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები 

მის დანერგვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა განათლების სფეროს სპეციალისტები მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.

რამდენად მზადაა თავად განათლების სისტემა და ქვეყანა სწავლების ახალი სისტემის დასანერგად და რამდენად მიიღებენ ამას ადრესატები – მოსწავლეები, განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი სიმონ ჯანაშიაა.

ჯანაშია „ფორტუნასთან“ საუბრისას აკრიტიკებს 12-წლიანი სწავლების შემცირებასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინიციატივას და იდეას და ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლაში 12-კლასიანი სწავლება უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი და დიდხანს იყოს ჩართული განათლებაში. უნდა ეცადოს და გაუღვივოს მათ განათლებისა და კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების სურვილი.

„სკოლა არსებობს არა იმისთვის რომ უმაღლესისთვის მოემზადოს ადამიანი, არამედ იმისთვის, რომ მოქალაქე ჩამოყალიბდეს პიროვნებად. ამისთვის კოლეჯის იდეა, რომელშიც იგულისხმება, რომ ძირითადად ბოლო კლასები ახალგაზრდას უმაღლესისთვის უნდა ამზადებდეს, არასწორია.  შედეგები ცხადყოფს, რომ სკოლებში მოსწავლეები ძალიან ცუდ განათლებას იღებენ, არამხოლოდ თეორიის თვალსაზრისით, არამედ ცუდად ეუფლებიან თავის სამოქალაქო პასუხისმგებლობებს. არ იციან, როგორ ჩადგნენ რიგში, როგორ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, როგორ იკამათონ და ა.შ. ესეც არ იციან და რადგან ხარისხის ამაღლება ჩვენ სისტემას ცოტა უჭირს,  საუკეთესო გამოსავალია, რომ, რაც შეიძლება, დიდხანს იმყოფებოდეს ადამიანი ამ სისტემაში და მეტი შანსი ჰქონდეს, მიიღოს უკეთესი განათლება,“  –  განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

მისივე თქმით, ამ ახალი ინიციატივით, ცდილობენ სკოლა აზარალონ და ამით უმაღლესში შემსვლელების ხარისხი გააუმჯობესონ. სკოლა  კი ამისთვის არაა შექმნილი.

„კოლეჯის სისტემა შეიძლება, იყოს, როგორც ალტერნატივა, მაგრამ არ უნდა იყოს  სავალდებულო. საფრანგეთში გვაქვს ასეთი სისტემა. მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ ან პირდაპირ ხვდება უმაღლესში ან თუ საშუალო ქულები აქვს, მას შეუძლია, წავიდეს ჯერ მოსამზადებელ კოლეჯში, იქ სწავლობს, აბარებს გამოცდებს და გადადის უმაღლესში. უმაღლესის გადავადება კი არ უნდა იყოს კოლეჯი ან ჩაბარების წინაპირობა, არამედ უნდა იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა უმაღლესში მოსახვედრად. იყოს ერთ-ერთი კომპონენტი. გარდა ამისა, ერთიანი ეროვნული გამოცდებიც უნდა იყოს ერთ-ერთი კომპონენტი უმაღლესში მოსახვედრად  და უნივერსიტეტმა თავად უნდა განსაზღვროს, კიდევ რა დამატებით კომპონენტს და კრიტერიუმს დაუმატებენ. როგორც ეს მაგისტრატურის დონეზეა. შედეგად მივიღებთ ხარისხობრივად განსხვავებულ უნივერსიტეტებს და არ იქნება მასობრივი, იქნება ელიტური უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტი კი არ ირჩევს უნივერსიტეტს, არამედ უნივერსიტეტი ირჩევს სტუდენტს,“ –  განაცხადა ჯანაშიამ.

დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობით უნივერსიტეტს შიდა ბაზაზე კოლეჯის შექმნის საშუალება არ აქვს, რადგან უმაღლესში მოხვედრის ერთადერთი საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაა. სიმონ ჯანაშია ამ მიმართულებით კანონმდებლობის ხარვეზებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ კანონმდებლობა დასახვეწია.

„ასევე უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ნება. თუმცა იმიტომ, რომ პოპულისტური მთავრობები გვყავს, ამას არ აკეთებენ. ეშინიათ, რომ მას დააბრალებენ კორუფციული სისტემის დაბრუნებას, როცა უმაღლესში მოხვედრა სხვადასხვა ფასი ღირდა. ეს ასე აღარ მოხდება, თუმცა ამას მკაცრი ნაბიჯი სჭირდება,“ –  განაცხადა ჯანაშიამ.

ჯანაშიასგან განსხვავებით, განათლების სისტემის სხვა ალტერნატიულ მოდელზე საუბრობს განათლების თემებზე მომუშავე ექსპერტი, შალვა ტაბატაძე.

მისი აზრით, საქართველოსთვის საუკეთესო მოდელი უმაღლესი და პროფესიული განათლების ურთიერთდაკავშირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული და აკადემიური უნარები გაერთიანდეს და მეტად ინტეგრირებულად ისწავლებოდეს.

„უნდა ვიფიქროთ, რომ კი არ იყოს პროფესიული სასწავლებელი ცალკე, განყენებულად, უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებელი, სადაც  პროფესიული კომპონენტების ინტეგრირებაც მოხდება. როგორც გერმანული დუალური მოდელია. 21 საუკუნეში აკადემიური უნარები ესაჭიროება თუნდაც პროფესიულ  სპეციალისტებს. ვერ იქნები კარგი ტრაქტორისტი, თუ არ გეცოდინება პროგრამირება და ა.შ. კარგი იქნება, თუ პროფესიული განათლების სპეციალისტი მიიღებს აკადემიურ ხარისხსაც და მისი ცოდნა და წიგნიერება არ  შემოიფარგლება მხოლოდ ძალიან ვიწრო წრით,“  –  განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

 

დღეს არსებული სისტემა

 

საქართველოს განათლების სისტემა დღეს ძირითადად სამი საფეხურისგან შედგება: სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი. თავის მხრივ ამ სამ საფეხურს ემატება პროფესიული განათლების მიმართულებაც. გარდა ამისა, ეს სამი საფეხური კიდევ იყოფა 6 შიდა საფეხურად.

·         დაწყებითი განათლება – I-VI კლასი

·         საბაზო განათლება  – VII – IX კლასი

·         საშუალო განათლება – X- XII კლასი

 

 

და უმაღლესი განათლების მიმართულების სამ საფეხურად.

·         ბაკალავრიატი

·         მაგისტრატურა

·         დოქტორანტურა