LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომისიის მუშაობის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა – სერგი კაპანაძე

109

“სამწუხაროდ, ჩვენი მთელი ამ კომისიის მუშაობის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა,” – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ პარლამენტში განაცხადა.

“თავიდან დავიწყეთ რაღაც კონკრეტული კითხვებით, მაგრამ დღეს უფრო მეტი კითხვა დაგვიგროვდა და ეს დაგროვილი კითხვებიც გვექნება მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან. ეს კითხვები, მათ შორის, ეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მაღალი ჩინის მქონე ადამიანების, ასევე კონკრეტული პიროვნებების მიმართ,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოქმედი მაღალჩინოსნებიდან ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოძიება ჩიხშია შესული, კაპანაძემ კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.

“ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც მოხდა და ხდება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო კონკრეტული ორი უწყების პასუხისმგებლობა და შეუძლებელია ამ ამბებმა ისე ჩაიაროს, რომ არავინ არ აგოს პასუხი,” – განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შს მინისტრი, გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

პოპულალურები