LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კომისიის ზოგიერთ წევრს არ სურდა მოესმინა ეს ძალიან დიდი პოზიტივი სისხლის სამართლის რეფორმებზე” – თეა წულუკიანი

67

„ყველამ ნახა, რომ იყო პრაქტიკულად 2 თუ 3 შეკითხვა. ვეთანხმები თუ არა კვლავ იმას, რომ ირაკლი შოთაძე არ უნდა გადამდგარიყო, მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვეთანხმები დღესაც, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო. თუმცა, მეტი კითხვა არ დასმულა, რაც ჩემთვის არის გასაოცარი,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც წულუკიანი რამდენიმე წუთს იმყოფებოდა.

“იმედი მაქვს, ეს არ მიანიშნებს იმაზე, რომ კომისიას არ აქვს სურვილი, სიღრმისეულად განიხილოს, თუ რა როლი აქვს სისხლის სამართლის რეფორმებში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს. მე ამას ალბათ ამით ავხსნიდი, რომ კომისიის ზოგიერთ წევრს, რომელიც უმრავლესობაშია, უბრალოდ არ სურდა, ჩემგან მოესმინა ეს ძალიან დიდი პოზიტივი სისხლის სამართლის რეფორმებზე, რაც ჩვენ 6 წლის განმავლობაში გავატარეთ.

“მაგალითად, მე მათთან სტატისტიკით მოვედი, მინდოდა, მეთქვა, რომ რაკი ბავშვთა სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე, ჩვენ გავატარეთ ძალიან დიდი რეფორმა ბავშვთა მართლმსაჯულების კოდექსი შემოვიღეთ და ამან გამოიწვია ის, რომ თუ 2015 წელს 190 პატარა ბავშვი იყო მაშინდელ ციხეში, დღეს არის მხოლოდ 32 არასრულწლოვანი და რომ მათი უფლებები არის დაცული და მინდა, ხმამაღლა გითხრათ, ის ფაქტი, რომ დღეს ეს საგამოძიებო კომისია არსებობს და მუშაობს, ნიშნავს იმას, რომ ჩემ მიერ სამინისტროს და ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ ვერცერთი გამომძიებელი პროკურორი და ვერც ეს საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ვერ ყრიან მტკიცებულებების გარეშე ბავშვებს ციხეში,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოკითხეს.

პოპულალურები