LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპლიმენტებიდან შეურაცხყოფამდე – სექსუალურად შევიწროებული კაცები და ქალები [ვიდეო]

სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან ნებისმიერი არასასურველი სახის ინტერაქციას, რომელიც გამოწვეულია მისი გენდერული იდენტობით, სექსუალური ორიენტაციით ან გენდერული თვითგამოხატვით და მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას და ა.შ.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს, ნებისმიერ ადგილას. სამსახურში, სახლში, ქუჩაში…

ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ქალია სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არ არსებობს.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს ამ კუთხით ცნობიერების დაბალი დონე.

 

სექსუალური შევიწროება ქართულ რეალობაში დაფარულ ფენომენს წარმოადგენს. როგორც სახალხო დამცველის, ისე სასამართლოსადმი მიმართვიანობა უკიდურესად დაბალია, რისი მიზეზიც, ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არსებული გენდერული სტერეოტიპებია

კერძოდ, 2017 წელს ამ პრობლემის გამო, სახალხო დამცველს მხოლოდ ორმა ქალმა მიმართა.

არადა, ისტორიები უამრავია.

თათია. 28 წლის  (სახელი შეცვლილია)

“რამდენჯერმე მომიხდა მსგავს სიტუაციაში ყოფნა. პირველად ყველაზე რთული იყო.

პირველი სამსახური იყო ჩემთვის და კარგი დამოკიდებულება უფროსისგან ცუდი ნამდვილად ვერ იქნებოდა.

დადებითი დამოკიდებულება, უადგილო კომპლიმენტებში გადაიზარდა, შემდეგ კი ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელი და უხერხული გახდა.

როცა ამ თემაზე ლაპარაკი დავიწყე და ვუთხარი, რომ არ მომწონდა მისი დამოკიდებულება, ყველაფერი უარყო და მითხრა რომ “შვილივით” მიყურებდა. თუმცა ამ საუბრიდან ცოტა ხანში, კაბინეტში დამიბარა და “ამიხსნა” რომ კარიერული წინსვლა თუ მინდოდა, მასთან ურთიერთობას უნდა დავთანხმებოდი, დასძინა, რომ ეს ზოგადად ასე ხდება ხოლმე, უბრალოდ არ ხმაურდება.

ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ამეტირა, შემდეგ გავბრაზდი…

იმ მომენტში ძალიან მკაცრად ალბათ, სათანადო პასუხი ვერ გავეცი და მალევე წამოვედი სამსახურიდან (არადა დარჩენას მთხოვდა და მპირდებოდა, რომ ასეთი რამ არ განმეორდებოდა.)

ამ გამოცდილების შემდეგ, რა თქმა უნდა, მსგავს მცდელობებს თავიდანვე ვხვდებოდი და მარტივად ვაგვარებდი.

როცა მკაცრად და გარკვევით მიანიშნებ ადამიანს, რომ მასთან არანაირი ურთიერთობა არ გსურს, გეშვება

ყოფილა ამის შემდეგ, აგრესიის შემთხვევებიც, ესეც რა თქმა უნდა პრობლემაა…”

 

ისევე როგორც ქალებზე, კაცების სექსუალურ შევიწროებაზეც, ჩვენს ირგვლივ უამრავი ისტორია არსებობს. ისინი ქალებზე კიდევ უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ ამ ამბებზე.

სახალხო დამცველისთვის ამ პრობლემის გამო, არცერთ კაცს არ მიუმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებენ, რომ კაცები ზოგადად ერიდებიან, მსგავს საკითხებს. იმის მიუხედავად, რომ მამაკაცების სექსუალური შევიწროების გარდა, მათი ოჯახში ჩაგვრის ფაქტებიც ხშირია, პირადად მათ, ასეთი ქეისი საერთოდ არ ჰქონიათ.

თუმცა, სექსუალური შევიწროება რომ კაცებსაც ეხებათ, ამას ჩვენი რესპონდენტიც ადასტურებს.

ალექსანდრე. 30 წლის (სახელი შეცვლილია)

“ერთი ასაკოვანი ქალი გადამეკიდა. საჩუქრებს მჩუქნიდა… ფულით უნდოდა ჩემი ყიდვა. რა თქმა უნდა არ ვიღებდი, მაგრამ ამ სახის ყურადღება თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

ერთხელ ჩემი კოცნა და ურთიერთობის დამყარება სცადა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ეს შეურაცხყოფად ჩათვალა და ამის მერე აღარ შევუწუხებივარ“, – ყვება ჩვენთან ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ სამსახურში ასეთი სახის შევიწროების მსხვერპლი რანდენჯერმე ყოფილა, თუმცა თავს მსხვერპლად არ მიიჩნევს, რადგან თვლის, რომ თავის დაცვა სათანადოდ შეძლო.

სწორედ იმის გამო, რომ სექსუალური შევიწროება სექსუალურ ძალადობასთან ასოცირდება და ჰგონიათ, რომ ამ საქმეში მსხვერპლის სტატუსისთვის რაიმე ძალისმიერი ქმედებაა საჭირო, მამაკაცებიც და ქალებიც ნაკლებად აცნობიერებენ მდგომარეობას.

 

სექსუალური შევიწროების ნიშნები:

ქმედება, რომელიც წარმოადგენს საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებას, შეიძლება იყოს:

  • დასტვენა ან დასიგნალება
  • სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება
  • სახელის ან/და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა, მას შემდეგ რაც ამ ქმედებაზე უარი ან იგნორი უკვე მიიღო
  • სექსისტური კომენტარები
  • შემფასებლური კომენტარები
  • ვულგარული ჟესტები
  • გენიტალიების ჩვენება
  • არასასურველი შეხება ან ხახუნი
  • სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს, მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას…

ეს პრობლემა უამრავ დასავლურ ქვეყანაში უკვე გადაწყდა და კანონით რეგულირდება.

როგორც “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე “ფორტუნასთან” განმარტავს, ასეთი ბრალდების დროს მტკიცების ტვირთი მსხვერპლზეა.

“დანაშაულის დამტკიცება ძირითადად ხდება ჩანაწერით ან მოწმეებით. საკმაოდ რთულია, თუმცა შესაძლებელია. ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, ეს ქმედება დანაშაულად არ ითვლება. ერთადერთი ბერკეტი სახალხო დამცველს აქვს და ისიც წერილობითი რეკომენდაციით შემოიფარგლება”, –განაცხადა ანა თავხელიძემ “ფორტუნასთან” და აღნიშნა, რომ კანონში რაც შეიძლება მალე უნდა გაჩნდეს, შესაბამისი ჩანაწერი.

ჩვენს საზოგადოებაში ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი უკვე დაიწყეს. ახლა ჯერი კანონმდებლობაზეა…

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები