LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მიღწევას სჭირდება მეტი ძალისხმევა – დავით ზალკალიანი

86

რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი პერიოდის უდიდეს გამოწვევად იქცა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები, გატაცებები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, – განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე ურთულესი გამოწვევების პასუხად, საქართველო ურყევად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზას და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისკენ და ომით და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ.

წელს საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გახლეჩილი საზოგადოების ნდობის აღდგენის მიმართულებით და წარმოადგინა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, დღევანდელ მრგვალ მაგიდაზე ჩვენ განვიხილეთ ევროპული უსაფრთხოების, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გზაზე გადაუჭრელი კონფლიქტის კონტექსტში სწორედ ეს სამშვიდობო ინიციატივები,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მობილიზება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ღია სამხედრო დაპირისპირება, ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას შეუძლებელია, ვუწოდოთ მშვიდობა. კონფლიქტის მოგვარებასა და მდგრადი მშვიდობის მიღწევას ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს თბილისში ჩამობრძანებისა და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს ჩვენ გვერდით დგომისთვის,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები