LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის სააგენტო “სიტროენ ჯორჯიასგან” დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება – ნოდარ ხადური

77

კონკურენციის სააგენტო “სიტროენ ჯორჯიასგან” დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება და შეეცდება, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს.

ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნოდარ ხადურმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12 დეკემბერს. 13 დეკემბერსვე ეს საჩივარი გადავუგზავნეთ მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი “სიტროენ ჯორჯიას” და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება საჯარო,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი თქმით, მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ კონკურენციის სააგენტო ყველა ინფორმაციას არ მიიღებს და დასძინა, რომ ამისთვის სააგენტოს ერთთვიანი ვადა აქვს.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი არ ჰქონია.

შგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია “სიტროინ ჯორჯიამ” უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სიტროენის“ სარჩელზე სასამართლოში დავა უკვე მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ კონკურენციის სააგენტოსაც მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები