LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსი 2018 წლის  „წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად!

105

„ზურაბ ჟვანიას ფონდი” აანონსებს კონკურსს  2018 წლის „წინანდლის პრემიის“  მოსაპოვებლად.  2018  წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების  პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ  18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში:  თეატრალური ხელოვნება,  კინოხელოვნება,  მხატვრული ლიტერატურა  (პროზა, პოეზია),  მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით;

ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე  „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწარმოებს 2018  წლის 17 სექტემბრიდან  29 სექტემბრის ჩათვლით;

2018 წლის „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალაკონცერტი შედგება პარასკევს, 12 ოქტომბერს „რესპუბლიკაში“ 19:30 საათზე.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა  1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.  პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“  პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა.  პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“  ემსახურება  თანამედროვე ხელოვნებასა  და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

წლების განმავლობაში  „წინანდლის პრემიამ“  ხელი შეუწყო  ნიჭიერ  ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.

2018 წლის „წინანდლის პრემიის“  კონკურსში მონაწილეობის  მსურველებმა  17- 28 სექტემბრის ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი,  აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ  ზურაბ ჟვანიას ფონდში (საზღვარგარეთ მყოფი აპლიკანტების განაცხადები მიიღება იმეილის  საშუალებით)   შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები