LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კონსტიტუცია კანონდარღვევით იქნა მიღებული!” – ენმ საკითხის გამოძიებას ითხოვს

99

“კონსტიტუცია კანონდარღვევით იქნა მიღებული!” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი განმარტავს, რომ მესამე მოსმენისას, ნაცვლად რედაქციული ცვლილებისა, უმრავლესობამ პროექტში არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა.

რომან გოცირიძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

“გუშინ, კონსტიტუციის მიღებისას, პარლამენტმა აშკარა უკანონობა ჩაიდინა. ნაცვლად რედაქციულო ხასიათის ცვლილებისა, არსებითი ხასიათის ცვლილება შეიტანა კანონპროექტში, თანაც როგორი – თუ ორივე მოსმენით მიღებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში შეზღუდვებში ეწერა ”მიწა”, მესამე მოსმენისას წინ წაუმატეს სიტყვა ”სასოფლო-სამეურნეო”, ანუ შეზღუდვები ეხება არა ყველა კატეგორიის მიწას, არამედ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისას.

“ეს არის სერიოზული კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავდაპირველი აბსურდული ჩანაწერი.

“როგორც ჩანს, თავიდან მარშისტების, პირადი მოძღვრებისა თუ კიდევ სხვების გულის მოგება უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ დიდ სისულელეს სჩადიოდნენ.

“კეთილი ინებონ და დატოვონ ისე, როგორც წესია და სასწრაფოდ დაიწყონ ამ შეცდომის გამოსწორების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაწყება.

“დრო დაიკარგება? ამათ ხელში დრო ისედაც დაკარგულია. საჭიროა გამოძიების დაწყება აღნიშნულ ფაქტზე,” – აღნიშნავს რომან გოცირიძე. 

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, სასოფლო სამეურნეო დანიშნილების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება, იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება, დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.