LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეელები ქართული უძაფო ჩურჩხელით დაინტერესდნენ

193

შპს ”ბებოს ნობათის” მიერ წარმოებულმა უძაფო ჩურჩხელებმა კორეაში დიდი დაინტერესება დაიმსახურა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გელა მესხიამ განუცხადა, მისმა ჩურჩხელებმა მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში მიიღო.

”კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის – World-OKTA-ს მოწვევით ქართულმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. მოძრაობა KAR.GE და მისი დამფუძნებლის ტარიელ ზივზივაძე ძალისხმევით “ბებოს ჩურჩხელა” წარმოდგენილი იყო სხვა ქართული წარმოების პროდუქტებთან ერთად და დიდი მოწონება და დაინტერესებაც გამოიწვია”, – განაცხადა მესხიამ. მისივე ინფორმაციით, ქართული ჩურჩხელებით კორეის გარდა სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ, პროდუქცია მონღოლეთსა და აშშ-ში წაიღეს ლაბორატორიული შემოწმობისთვის.

”სიტუაცია უკვე მომწიფებულია იმისთვის, რომ ჩვენი უძაფო ჩურჩხელები ექსპორტზე გავიდეს, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ისე სხვა სახელმწიფოებში. ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საახალწლო პერიოდში ველით სიახლეებს ექსპორტის მიმართულებით”, – განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ”ბებოს ნობათმა” ჩურჩხელის ახალი სახეობაც გამოუშვა. აქამდე არსებულ 120-გრამიან უძაფო ჩურჩხელას, უფრო მცირე მოცულობის – 60- გრამიანი ჩურჩხელებიც დაემატა. პროდუქციის რეალიზაცია კი ძირითადად თბილისში ხორციელდება, უფრო კონკრეტულად, დიდ სავაჭრო ქსელებში – ”ფუდმარტში”, ”სპარში”, ”სმარტსა” და ”გუდვილში”. ჩურჩხელების ღირებულება 1,50-დან 3 ლარამდეა.

ცნობისთვის, შპს ”ბებოს ნობათი” 2014 წელს ზუგდიდში დაფუძნდა და მასში 50 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია თვიურად 2-3 ათასამდე უძაფო ჩურჩხელას აწარმოებს, საახალწლო პერიოდში კი წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 10 ათასამდე იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები