LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანოს მეფობა გრძელდება: რეალის და რონალდოს სარეკორდო ციფრები

38

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის დრამატული, ნერვული, ცოტაც სკანდალური საპასუხო მატჩი 1:3 წააგო “იუვენტუსთან”, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

კრიშტიანო რონალდომ ისევ გაიტანა და მისი დომინირება ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება.

“რეალი” ზედიზედ მერვედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მადრიდელებმა “ბარსელონას” რეკორდი (2008-13) ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაამხეს.

ამ სერიის დაწყებამდე, “რეალი” ზედიზედ ექვსჯერ გამოეთიშა ბრძოლას 1/8 ფინალში.

რონალდომ ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელის სარეკორდო სერია შარშანდელი ფინალიდან დაიწყო. ეს სერია 15 გოლს ითვლის.

რონალდომ “იუვენტუსს” ზედიზედ მეშვიდედ გაუტანა. ამ დროის განმავლობაში, ბუფონმა და შჩესნიმ 10 გოლი გაუშვეს.

რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მეტოქეს 10 გოლი გაუტანა. მასვე ცხრა გოლი აქვს გატანილი “ბაიერნისთვის“. ასევე ცხრა გოლი გაუტანია ერთი მეტოქისთვის (“არსენალი”) ლიონელ მესის.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა თავისი ტრანსფერის შემდეგ.

მადრიდში გატანილი პენალტის შემდეგ, რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე 120 გოლი დაუგროვდა. ის 20 გოლით უსწრებს ლიონელ მესის. საინტერესოა, რომ კრიშტიანო (120 გოლი 150 მატჩში) საშუალო შედეგიანობით დაეწია არგენტინელს (100 გოლი 125 მატჩში). ახლა, ეს მაჩვენებელი 0.80-ს შეადგენს.

რონალდომ 150-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. 33 წლის პორტუგალიელი მესამე ფეხბურთელია, ვინც ამ ნიშნულამდე მივიდა. უფრო წინ არიან იკერ კასილიასი (167) და ჩავი (151).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები