LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიზისების მართვის საბჭო: დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

97

დასავლეთ საქართველოში ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება.

როგორც საბჭოში აცხადებენ, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

”სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კავშირზეა ყველა დაზარალებული ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობის ორგანოსთან და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სტიქიური პროცესების ანალიზი და აუცილებელი რესურსების მობილიზება.

„8-9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს“, – ნათქვამია განცხადებაში.