LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ თეთნულდის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა

388

კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. დღეს საბაგირო სატესტო რეჟიმში გაუშვეს.

როგორც „ფორტუნას“ ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრდან აცნობეს, ამ ეტაპზე კურორტზე 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგიროა დამონტაჟებული, რომელიც საბაგიროების მწარმოებელმა  ფრანგულმა კომპანია „პომამ“ დაამზადა. სამთო-სათხილამურო კურორტის პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი  მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა, 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი – მოყვარულთათვის, წითელი – პროფესიონალებისთვის და შავი- ექსპერტებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც უფასო იქნება.

ეკონომიკისა სამინისტროს ცნობით, თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება.

კურორტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტში გადავიდა. პირველი ფაზის სამუშაოების დასრულებას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მისი თქმით, ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივით, უკვე დაიწყო მათი გადამზადება.

„კურორტი უნიკალურია. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და ის მოემსახურება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპორტსმენებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200  მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში  მდებარეობს.