LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტები მათთვის, ვისაც არ უყვარს პლაჟზე დასვენება

340

მართალია, ზაფხულამდე დიდი დროა, მაგრამ უკეთესია, თადარიგი ადრიანად დაიჭიროთ და წინასწარ დაგეგმოთ შვებულება. რა თქმა უნდა, ზაფხულს ყველაზე მეტად ზღვა და მზეზე გარუჯვა უხდება, თუმცა რა ვქნათ, თუ პლაჟზე ნებივრობა მოგვბეზრდა? გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, სადაც აუცილებლად დაუვიწყარ შვებულებას მოიწყობთ.

სტამბოლი, თურქეთი – ის, ვინც კარგად იცნობს სამხრეთის პლაჟებს, სრულიად განსხვავებული თურქეთი დახვდება სტამბოლში, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ხვდება ერთმანეთს, ჰარმონიულად შერწყმული უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ცხოვრება კი, ადგილობრივი კოლორიტითაა “შეკმაზული”. არაჩვეულებრივი არქიტექტურა – მეჩეთი, სასახლეები და შადრევნები, ბაზრობები და “ქუჩის სამზარეულო”, რესტორნების ტერასები, ვიწრო ქუჩები და ნამდვილი თურქული ყავა – ეს მხოლოდ მცირედია, რითაც სტამბოლში შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

მაე ხონგი სონი, ტაილანდი – ბირმასთან მეზობლობის წყალობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოქცეულ მაე ხონგი სონში უნიკალური ატმოსფეროა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ ტაილანდთან. ზაფხულის სეზონზე ქალაქი უცნაური ნისლით იფარება, რაც მეტ ეგზოტიკას სძენს ადგილობრივ ტომებს და მრავალრიცხოვან ტაძრებს ტაილანდისთვის არატიპიური არქიტექტურით.

ტიროლი, ავსტრია – სათხილამურო სპორტის მოყვარულებს, რომლებიც ავსტრიას ზამთარში სტუმრობენ, ზაფხულის სეზონზე მშვიდად დასვენების მსურველები ენაცვლებიან, რომლებიც ქალაქისთვის ჩვეული ფუსფუსითა და ხმაურით გადაღლილები სიამოვნებით აგემოვნებენ  ადგილობრივ სამზარეულოს და ინტერესით სტუმრობენ მთებში ჩაკარგულ პატარა ქალაქებს.

კუოპიო, ფინეთი – ეკო-ტურიზმის აქტიური რეკლამირებით, ფინეთი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს და პირველ რიგში ულამაზეს ბუნებაში სუფთა ჰაერზე ტურისტულ ლაშქრობას სთავაზობს.

ირლანდია – ნებისმიერი “მოწყენილი” ტურისტისთვის საინტერესო იქნება ირლანდიაში მოგზაურობა, რადგან სწორედ აქ ეწყობა საუკეთესო საზღვაო კრუიზები და “მისტიკური” ექსკურსიები მოჩვენებებით დასახლებულ უძველეს ციხე-სიმაგრეებში.

პატაგონია, არგენტინა – არგენტინის სამხრეთ რეგიონმა, რომელსაც ხშირად “დედამიწის კიდესაც” უწოდებენ, სახელი უზარმაზარი მყინვარების, ფიორდების და ჩანჩქერების, უსასრულო სტეპების, ტბებისა და ულამაზესი ტყეების წყალობით გაითქვა.

დილიჟანი, სომხეთი – საკურორტო ქალაქს, რომელსაც ხშირი ტყეებისა და მთის არაჩვეულებრივი პეიზაჟების წყალობით”პატარა შვეიცარიასაც” უწოდებენ, მეტწილად აქტიური დასვენების მოყვარულები სტუმრობენ. დილიჟანში არაჩვეულებრივადაა შემონახული უძველესი არქიტექტურა, რომლის ახლოს გაცნობის საშუალება სპეციალურ ექსკურსიაზე მოგეცემათ.

ბადენ-ბადენი, გერმანია – გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი დიდი ხანია სარგებლობს “ევროპის საზაფხულო კურორტის” სტატუსით. ბადენ-ბადენი, რომელმაც  სამორინეებით, დოღითა და გოლფის მოედნებით, უზარმაზარი პარკებითა და უძველესი არქიტექტურით გაითქვა სახელი, მოგზაურები ადგილობრივი არისტოკრატული ატმოსფეროს გასაცნობად და დროის საინტერესოდ გატარების სურვილით სტუმრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები