LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტების განვითარება და გზების მშენებლობა – 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები

137

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, 2016 წლის შემაჯამებელი სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

პრემიერის განცხადებით, სივრცითი რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება.

მისი თქმით, სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რასაც ხელს შეუწყობს ახალი აეროპორტების მშენებლობა.

„ამბროლაურის აეროდრომი უახლოეს დღეებში გაიხსნება, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში დაიწყო“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა, ასევე, ისაუბრა კურორტების განვითარების გეგმაზე:

„ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს. ბაკურიანსა და გუდაურში ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები, წყალმომარაგების სისტემები და ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც.

ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის”,– განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ისაუბრა საგზაო მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მისი თქმით, 2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა.

“2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე – ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია-გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.