LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კვირაში რამდენჯერმე შემოდის და იწყებს კითხვას”

105

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სოციალურ ქსელში პატარა ბიჭის შესახებ წერს. როგორც გვერდზე ვკითხულობთ, სურათზე ასახული ბიჭუნა, მაღაზიაში წიგნის წასაკითხად, კვირაში რამდენჯერმე შედის.

გამომცემლობას ბიჭის დასაჩუქრება სურს და სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით, ხალხის აზრს კითხულობს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭუნა ჩვენი ახალი მაღაზიის ხშირი სტუმარია, მისი სახელი არ ვიცით. კვირაში რამდენჯერმე შემოდის, ჩვენს თანამშრომლებს ესალმება, თაროდან იღებს „საოცრებას” და იწყებს კითხვას და ისე გადის მაღაზიიდან, ვერც კი ვამჩნევთ.

შევეცადეთ ფოტო ჩუმად გადაგვეღო და სახე არ გამოგვეჩინა, რომ არ დაიმორცხვოს და მოერიდოს მაღაზიაში შემოსვლა ხოლმე.

ახლა ვფიქრობთ, თუ რითი შეიძლება დავასაჩუქროთ ჩვენი პატარა მეგობარი, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ”, – წერს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

მომხმარებელთა ნაწილი მათ ურჩევს, რომ ბიჭს წიგნები აჩუქონ. გამომცემლობა განმარტავს, რომ ბიჭს მათ გარემოში ურჩევნია კითხვა და ამიტომ, სხვა საჩუქრის გაკეთება სურთ:

“ჩვენთვის წიგნის ან წიგნების ჩუქება ამ პატარა ბიჭუნასთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ფაქტია, ამ ბავშვს ჩვენს მაღაზიაში, ჩვენს გარემოში ურჩევნია კითხვა, მისთვის ეს ყველაფერი ასე უფრო საინტერესოა და არ გვინდა, რომ მისი ეს თავგადასავლები ისე დავასრულოთ, რომ ყველა წიგნი ვაჩუქოთ და ამით დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა.

ბევრად უკეთესი საჩუქარი გვინდა რომ გადავცეთ. რა თქმა უნდა, წიგნებსაც გადავცემთ”, – აცხადებენ ისინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები