LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი კობახიძის წინააღმდეგ – რომელს შეიწირავს საკონსტიტუციო რეფორმა

საქართველოს კონსტიტუციის ახალი, 2 მოსმენით მიღებული პროექტი, რომელიც ხელისუფლებამ წარმატებად გამოაცხადა, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა  – პოლიტიკურ კრახად  და  საერთაშორისო საზოგადოება იმედგაცრუებული დატოვა, შესაძლოა,  უკვე  „ქართული ოცნების“  შიდა დაპირისპირების საბაბად იქცეს. ყოველ შემთხვევაში, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და უკან დახევას არც ერთი არ აპირებს.

„ვენეციის კომისიის“ კრიტიკული დასკვნისა და პარლამენტის თავმჯდომარის რადიკალური განცხადების ფონზე, რომ „არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა“,  პრემიერი დიალოგის დაწყებაზე და კონსტიტუციის გადახედვაზე ალაპარაკდა.

„მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი კონსტიტუციის ირგვლივ და მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება კიდევ რაღაცებზე შეთანხმება,“ –  განაცხადა გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა.

იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენით არის მიღებული და  მესამე მოსმენით მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანაა  შესაძლებელი, ჩნდება კითხვა, რა სქემით მოხდება  პროექტში არსებითი ცვლილებების  შეტანა თუ ეს მხოლოდ  პრემიერის   პიარული განცხადება  იყო.

როგორც „ფორტუნასთან“ კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია განმარტავს, კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შესატანად 3 ძირითადი სამართლებრივი გზა არსებობს .

„ კონსტიტუციის პროექტის დამტკიცება 2 თანმიმდევრულ სესიაზე უნდა მოხდეს. თუ საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით არ განიხილავენ კონსტიტუციას, საკითხი საგაზაფხულო სესიაზე გადაიწევს და განხილვა პირველი მოსმენიდან დაიწყება. მეორე გზა პრეზიდენტის ვეტოა, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კონსტიტუციას და პროექტზე მუშაობა პირველი მოსმენიდან განახლდება  და ბოლოს შესაბამისი პოლიტიკური ნების  შემთხვევაში, შესაძლებელია არსებული პროექტი მთლიანად ჩავარდეს და ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა თავიდან დაიწყოს,“ –  განმარტავს კოტე ჩოკორაია.

რომელ გზას აირჩევს ხელისუფლება, თუ საერთოდ აირჩევს რომელიმეს, ამაზე  მმართველი გუნდის მხრიდან არანაირი კონკრეტული განცხადება არ კეთდება.  თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, უფრო მეტად იმაზე მიანიშნებს, რომ  „ქართული ოცნება“  არაფრის შეცვლას არ აპირებს და ცვლილებებს კონსტიტუციაში დასრულებულად მიიჩნევდა.

“ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია აისახა დოკუმენტში, რომელიც უკვე ორი მოსმენითაა მიღებული.

“დოკუმენტი, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის მექანიზმთან“

„მესამე მოსმენით განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა , არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა“,  – გადაჭრით აცხადებდა ირაკლი კობახიძე.

მიუხედავად ამისა,  კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე  პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას გადამწყვეტ და შემაფერხებელ ფაქტორად არ მიიჩნევს.

„ირაკლი კობახიძე არ არის ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერი, გუნდის ლიდერი არის პრემიერმინისტრი და ამ ტიპის დიალოგსა და ფუნდამენტური საკითხებზე გადაწყვეტილებას  მას არავინ ჰკითხავს. კონსტიტუციურად  პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და მთავრობა და პრემიერი უნდა იყოს პროცესის წარმმართველი,“ – განმარტავს ალაფიშვილი.

მისი მოსაზრებით, პოლიტიკური ნების გამოსაცნობად მნიშვნელოვანია არამარტო განცხადება, არამედ ადგილიც, სადაც ეს განცხადება გაკეთდა.

„კონსტიტუციაზე დიალოგის განახლების შესახებ პრემიერის განცხადება საშინაო და საგარეო პოლიტიკური წნეხის შედეგია.  სწორედ მეგობარი სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენით მოხდა მთავრობის ხისტი  პოზიციის შეცვლა. იმედია, პრემიერის განცხადების შემდეგ დიალოგი იქნება ქმედითი, რეალური და არა იმ ფორმატით, რომლითაც აქამდე  მუშაობდა ხელისუფლება,“  – აცხადებს „ფორტუნასთან“ ალაფიშვილი.

პრემიერმინისტრის მზაობამ განახლდეს დიალოგი   კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციური და არასამთავრობო სპექტრის მოწონება უკვე  დაიმსახურა.

„ურემი უკვე გადაბრუნებულია, მაგრამ თქვენი მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით მისი ფეხზე დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია,“ – ასე ეხმაურება პრემიერის განცხადებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, კი პრეზიდენტის სახელით მმართველ გუნდს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ჩვენ რომ არ დავრჩეთ ცალკეული განცხადებების ამარა, ურთიერთმოწოდებების ამარა, ალბათ, უკვე საჭიროა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები,“ – განაცხადა მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხარეებს შორის კონსესუსის მისაღწევად პირველი შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორშაბათსაა დაგეგმილი.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები