LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი “საქართველოს პატრიოტების” წევრებს სამთავრობო პროგრამას აცნობს

59

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოსვლის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის წარმომადგენლებს პარლამენტის წევრობა მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა საპარლამენტო საქმიანობაში.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, გასული 4 წლის განმავლობაში მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ადამიანის ძირითადი უფლებები და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება.

„ეკონომიკური პოლიტიკა წარიმართა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ძირითადი სოციალური უფლებები და ეკონომიკური ზრდა დაბალანსებულიყო ადამიანების ძირითადი საბაზისო უფლებების უზრუნველყოფით, როგორც არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების დღის წესრიგი განსაზღვრავს ახალ ამოცანებს და ამ ამოცანებიდან გამომდინარე, შედგა 4-პუნქტიანი რეფორმათა გეგმა, რომელიც პასუხობს დღევანდელობის გამოწვევებს. მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა პასუხობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოთხოვნებს.”

 

მისი თქმით, ქვეყნის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სწორედ ამიტომ, 4-პუნქტიანი გეგმის მთავარი მიმართულება განათლების რეფორმაა.

 

„უმაღლესი განათლების მიმართულებით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვგეგმავთ სახელმწიფო რესურსების განაწილებას იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს შეინიშნება მზარდი მოთხოვნა და ამავე დროს მომავალ წლებში იქნება მზარდი მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში. ჩვენ ავიღეთ საბაზისოდ გერმანული დუალური მოდელი, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილზე სწავლების მოდელს, სადაც გათვალისწინებულია პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში შემხვედრია უამრავი ბიზნესმენი, რომელიც ამგვარი განათლების სისტემის და ამგვარი პარტნიორობის არარსებობის გამო, საკუთარი რესურსით აგზავნის თანამშრომლებს უცხოეთის ქვეყნებში, რათა მიიღონ ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში დღეს არის მოთხოვნადი.”

 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა ასევე გულისხმობს ეკონომიკური რეფორმების პაკეტს, რომელიც, მისი თქმით, ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, შეიქმნება მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები და ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით მოგების რეინვესტირების შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე ისაუბრა „სტარტაპების“ დაფინანსების პრინციპზე და აღნიშნა, რომ მთავრობა გააგრძელებს დამწყები მეწარმეების აქტიურ მხარდაჭერას.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ახალი საპენსიო რეფორმა, ე.წ. მეორე პილარი, რომლის პროექტი შემუშავდა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით. მან იმედი გამოთქვა, რომ კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს მმართველობის სისტემის რეფორმა გააცნო, რომელიც მოიცავს ორ ქვეკომპონენტს – სერვისზე ორიენტირებულ მთავრობას და ინკლუზიურ მმართველობას.

 

„ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების დროს, მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმები წინასწარ უნდა იქნას გავლილი, როგორც კერძო სექტორთან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ბიზნესასოციაციებთან, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან ერთად. ამ კუთხით ნაბიჯები გადადგმულია, ევრობანკის ინიციატივით უკვე შეიქმნა საინვესტიციო საბჭო, სადაც ჩვენ გვყავს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევრობანკი, აზიის განვითარების ბანკი, სხვადასხვა ბიზნესასოციაციები და ჩვენ რეგულარულად ვიხილავთ მომავალსაკანონმდებლო ცვლილებებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უარყოფითი მოულოდნელობები და სამეწარმეო გარემოს პროგნოზირება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს”.

 

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის სივრცითი მოწყობაზე, რომელიც არის 4-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი განვითარების მთავარ ჩარჩო-დოკუმენტს. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სივრცითი მოწყობის რეფორმის ფარგლებში, წერტილი დაესმება ქაოსურ განაშენიანებას და მომზადდება ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს ახალი აბრეშუმის გზის ძალიან დიდი შესაძლებლობები. მაგრამ, საქართველოს შესაძლებლობების გამოყენება ვერ მოხერხდება თუ ჩვენ არ მოვახდინეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის სტანდარტების მოყვანა იმ შესაბამისობაში, რაც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. აქ მნიშვნელოვანია დრო, თუ სატრანზიტო ტვირთმა ნახა სხვა გასასვლელი, შემდეგ მისი დაბრუნება სამხრეთ კორიდორში არის გაცილებით რთული. სწორედ დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გვმართებს მომდევნო წლების განმავლობაში უფრო გააქტიურება ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მიმართულებით”. 

 

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებსაც შეეხო. მისი თქმით, მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაა და იგი შენარჩუნებული იქნება მომავალშიც. საქართველოს მოქალაქეები კვლავაც იქნებიან დაცულები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს და საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვას. კიდევ უფრო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქვეყანაში კვლავაც დაცული იქნება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი, რა მიზნითაც ხორციელდება სასამართლო სისტემის რეფორმა და გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება.

 

„კიდევ უფრო განვამტკიცებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განვამტკიცებთ ურთიერთობებს მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან, განვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე…რა თქმა უნდა, გაგრძელდება ძალიან ინტენსიური მუშაობა აფხაზეთთან და ოსეთთან შერიგების მიმართულებით და ის უამრავი პროექტი და ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფომ გადადგა გასული პერიოდის განმავლობაში, არა მარტო გაგრძელდება, არამედ შემდგომში უფრო მნიშვნელოვნად გაფართოვდება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სპექტრი. ჩვენი სამთავრობო გუნდი განწყობილია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში, ამაში გვჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა”.