LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცედურები მალე დასრულდება

43

დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიესალმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის, ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, რაც, მისი შეფასებით, საბოლოო გადაწყვეტილებისაკენ უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.

„ჩვენ კიდევ დაგვრჩა გასავლელი მთელი რიგი პროცედურები, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფეხდაფეხ მივყვებით ამ პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს დროში მოხდება მთლიანი პროცედურის დასრულება. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში ძალიან გვეხმარებიან ამ პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველა მათგანს ამ უდიდესი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროინტეგრაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია.

„ეს არის არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს შიდა რეფორმების დღის წესრიგს იმისთვის, რომ ქვეყანაში ავწიოთ ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური განვითარების დონე მოვიყვანოთ იმ დონესთან შესაბამისობაში, რომელიც ევროპულ ქვეყანას და ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრ ქვეყანას შეეფერება. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან მალე დასრულდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები