LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის შედეგი – ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს

39

საქართველოში ჩატარებული ფინანსური განათლების კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. კვლევის მიხედვით, ასევე იკვეთება ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით გააქტიურებული მუშაობის აუცილებლობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, “ევროპული ფონდის სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის” განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და კვლევითი ორგანიზაცია “სონარის” ჩართულობით განხორციელებული ფინანსური განათლებისა და ჩართულობის კვლევის ფარგლებში, მოსახლეობის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების შესასწავლად, ქვეყნის მასშტაბით 1 100 ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების – როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია – დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

”აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და, შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მათ. გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი. აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ერთი მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ და, მეორე მხრივ, იმ გზების შესახებ, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის გაუმჯობესება”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე თქმით, აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში პირველად განხორციელდა. ქვეყანაში დაფიქსირებული შედეგები ჩართული იქნება საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელსაც OECD მიმდინარე წლის ბოლომდე გამოსცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები