LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ჭანტურია: ქართველ ფერმერებს გერმანიაში გადაამზადებენ

140

15 ივნისს ბერლინში ქართულ-გერმანული ბიზნესფორუმი გაიმართება. ბიზნესფორუმში 30-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას და ისინი ქართულ-გერმანულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ. რამდენად მიმზიდველია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი გერმანელი ინვესტორებისთვის, რა მოლოდინები არსებობს ამ მიმართულებით და რა პერსპქეტივები აქვს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე. ამ და სხვა საკითხებზე ”ფორტუნასთან” საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია საუბრობს.

– როგორია საქართველო-გერმანიის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა ამ დროისთვის? რამდენად დიდია მათი მხრიდან საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესება?

– საქართველოს მთავრობა ძალიან არის დაინტერესებული, რომ გერმანიასთან ეკონომიკური ურთიერთობები გააძლიეროს. საქართველო ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა, გერმანული ეკონომიკა კი ევროპაში ყველაზე ძლიერია. ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გერმანიიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, გერმანელ მეწარმეებთან ურთიერთობების დამყარებას და მათ ქართველ მეწარმეებთან დაკავშირებას მუდმივად ვცდილობთ.

– პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როდესაც ის ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ელჩებს დაავალა, რომ საელჩოებმა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მუშაობა გაააქტიურონ და იმ ქვეყნებში, სადაც თვითონ მოღვაწეობენ, ინვესტორებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნონ. რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით?

– ეს ძალიან სწორი და დროული დავალება იყო. ჩვენმა საელჩომ ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო სამუშაო გასწია. ბერლინში ორი დიპლომატი გვყავს, რომლებიც ეკონომიკური პროექტებს კურირებენ. გვაქვს შეხვედრები ფედერალური მიწების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, ცალკეულ ბიზნესმენებთან და ეს ყველაფერი, უახლოეს მომავალში, დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს.

– კონკრეტული მაგალითების დასახელება თუ შეგიძლიათ გერმანიიდან საქართველოში ინვესტიციების შემოდინების კუთხით?

– კონკრეტული ნაბიჯები ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიასთან ძალიან ბევრია. ერთი პროექტი შემიძლია დავასახელო – ეს არის ქართველი მენეჯერების ჰოსპიტაცია გერმანიაში. ამ პროექტის პირველი კურსი რამდენიმე კვირის წინ დასრულდა და მის ფარგლებში, ქართველ მენეჯერებს შესაძლებლობა ჰქონდათ გერმანიაში მათ ამჟამინდელ ან მომავალ პარტნიორებთან 6 კვირის განმავლობაში დაემყარებინათ ურთიერთობა, გაცნობოდნენ გერმანულ ბაზარს, ახალ პარტნიორებს და ისინი საქართველოში მოეწვიათ. გერმანიაში 18 ასეთი მენეჯერი იმყოფებოდა, იყვნენ როგორც მცირე, ასევე მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებიც. ამ პროექტში მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც აქტიურად მონაწილეობდა.

– რამდენად აკმაყოფილებს ქართველი კადრების კვალიფიკაცია გერმანელ ინვესტორს? ხომ არ იქმნება პრობლემა კვალიფიკაციის არქონის გამო?

– ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ხელოსანთა პალატებთან. მნიშვნელოვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა პროფესიული განათლების შესახებ. ამ ინიციატივის ფარგლებშიც, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გერმანულ პროფესიულ სასწავლებლებთან. მაგალითად, მაისში საქართველოს ეწვევა ლაიფციგის ხელოსანთა პალატის პრეზიდენტი და აღმასრულებელი მდივანი. რაც პროფესიული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი სფერო, ამ მიმართულებით, გახლავთ სოფლის მეურნეობა. ჩვენ, გერმანელებთან ერთად, უკვე დავძარით ქართველ ფერმერთა გერმანიაში მომზადების პროგრამაც. ყველაფერი ეს ხელს უწყობს, რომ საქართველო გერმანელი მეწარმეებისთვის კიდევ უფრო საინტერესო ქვეყანა გახდეს.

– რამდენად დიდია გერმანელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელების კუთხით? რამდენად საიმედოა ეს ბაზარი მათთვის?

– საქართველოს ბაზარი არა თუ საიმედო და სანდოა, არამედ მიმზიდველია იმითაც, რომ საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან და რეგიონთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია თავისუფლად შეიძლება გავიდეს იმ სივრცეში, რომელსაც 200 მილიონამდე პოტენციური მომხმარებელი ჰყავს. გარდა ამისა, საერთაშორისო რეიტინგებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მეწარმეებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

– კონკრეტული სექტორები თუ არის, რომლებშიც გერმანული ინვესტიციების განხორციელება იგეგმება? კონკრეტული კომპანიების დასახელება თუ შეგიძლიათ?

– კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დაგისახელებთ სფეროებს, რომლებშიც არის ინტერესი და უახლოეს მომავალში ჩვენ თანამშრომლობის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ეს არის სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა. გერმანელი მეწარმეები ამ სფეროებით ინტერესდებიან. ასევე ქიმიური მრეწველობის სფეროში ერთმა კონცერნმა უკვე დაიწყო რუსთავში ქარხნის მშენებლობა.

– თავისუფალი ვაჭრობა ახსენეთ. უკვე ერთ წელზე მეტია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. თუ გვაქვს უკვე რაიმე ხელშესახები შედეგი და სამომავლოდ რა პერსპექტივა აქვს ქართულ პროდუქციას ევროპის ბაზარზე?

– მოკლე დროის მიუხედავად, ამ მიმართულებით, კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი გერმანიაში გაიზარდა.

– რომელია ტოპ-სამი ქართული პროდუქტი, რომელიც გერმანიის ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს?

– ევროპულ ბაზარზე წელს სრულიად ახალი პროდუქტი – ქართული კივი გავიდა, რომელიც ადრე არ არსებობდა. ასევე მოცვი და თხილი. გაზრდილია ღვინის ექსპორტიც.

– და ბოლოს, ვიზალიბერალიზაციასაც რომ შევეხოთ, არის მოლოდინები რომ მალე უვიზოდ შევძლებთ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებას. საუბრობენ იმაზეც, რომ ეს გარკვეულ საფრთხეებს შეიძლება უკავშირდებოდეს. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფომ თავიდან აიცილოს მასობრივი მიგრაცია და არალეგალები შენგენში? რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს რომ, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გადინება არ მოხდეს?

– არსებობს ეგრეთწოდებული ნახევრად ცარიელი ჭიქის პოზიცია და არსებობს ნახევრად სავსე ჭიქის პოზიცია. მე პირადად ამ ყველაფერს სავსე ჭიქის პოზიციიდან შევხედავ. ვიზალიბერალიზაცია და ქართული პასპორტის აღიარება შენგენის ქვეყნების მიერ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში მოუპვებია. ასე რომ, მოდით ამ ყველაფერს დადებითად შევხედოთ. ეს საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. უარყოფითი რამ ყველაფერს ახლავს, თუმცა აქცენტი მაინც დადებითზე უნდა გავაკეთოთ.

ავტორი: მარიამ მჭედლიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები