LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი იზრდება

141

ლარში გაცემულ სესხების უდიდესი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი იზრდება, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე გაზარდა.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 20396 სესხია გაცემული. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 806,4 მლნ ლარის სესხია გაცემული.

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 დეკემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 11,77%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და აქციზის განაკვეთების ზრდამ გამოიწვია გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა.

“ინფლაციური წნეხის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის გალარების აქციის ფარგლებში გათვალისწინებულ სესხებზე. 2017 წელს მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების დამატებით ზრდა, ხოლო ზრდის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განაკვეთზე და გაცვლით კურსზე”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

გადაწყვეტილების მიზეზი

ეროვნული ბანკის ცნობითაც, გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება.

 

ეროვნული ბანკი: 2018 წელს ინფლაცია შემცირდება

 

თუმცა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს. ამ მხრივ აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა.

თავის მხრივ გაცვლითი კურსის დინამიკას მეტწილად გასული წლის მეორე ნახევრიდან თურქული ლირას გაუფასურება და აშშ დოლარის გლობალური გამყარება განაპირობებდა. ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლო¬დინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე.

ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება.

მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა.

 

ექსპორტი

პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. 2016 წლის მეოთხე კვარტალში საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური კლება ზრდით შეიცვალა. თუმცა, ამასთანავე გაიზარდა იმპორტიც, რამაც გააუარესა წმინდა ექსპორტი. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, 2015 წელთან შედარებით მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტს გაიმართება.

პოპულალურები