LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჯოხაძის კოლექციით თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი გაიხსნა (ფოტო)

612

დიზაინერი ლაშა ჯოხაძე საზოგადოებამ სხვადასხვა ტელეპროექტიდან გაიცნო, პირველ რიგში კი, „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს და ძალიან ლამაზ სასცენო კოსტიუმებს ქმნის. ბოლო პერიოდში კი აქტიურად წარადგენს საკუთარ კოლექციებს მოდის კვირეულებზე.

27 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეული სწორედ, ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნა. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, რომლებიც ლაშასთან მეგობრობენ და თანამშრომლობენ კიდეც.

კოლექციაში ორ ათეულზე მეტი კოსტიუმი გაერთიანდა, რისი გაკეთებაც ლაშამ ამ მოდის კვირეულისთვის მოასწრო. ძირითადი სწორება პასტელურ და შავ ფერებზე გაკეთდა. დიზაინერის მუზა, როგორც ყოველთვის, დახვეწილი, ჰაეროვანი და ნაზი ქალია, რომელიც ასეთივე სამოსს ირგებს.

ჩვენების შემდეგ დიზაინერს შთაბეჭდილებების გასაზიარებლად მივმართეთ.

ლაშა ჯოხაძე:

კოლექციის შთაგონებად იქცა ელეგანტური, დახვეწილი, მკაცრი, თავდაჯერებული, მოწესრიგებული და ყველანაირად დადებითი ქალი, რაც მთავარია, სექსუალური.

თბილისის მოდის კვირეულზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, არ შევიცვლი, ასე ვთქვათ, ლოკაციას. ორგანიზატორებს დიდი მადლობა, რომ მენდობიან, გახსნა ძალიან საპასუხისმგებლოა…

კრიტიკას თუ ელოდებით?

ყველანაირ კრიტიკას შევხვდები მომზადებულად. მცირე დროში რაც შემეძლო, გავაკეთე. ზოგს მოეწონება, ზოგს – არა. მზად ვარ, შენიშნები მივიღო და გავითვალისწინო.

დალი ჩიტალაძე:

ლაშამ დაიწყო, როგორც შოუს კუტურიემ. ეს ნამდვილად არ არის ადვილი, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ საოცარ კოსტიუმებს კერავდა. ახლა კი  მზა ტანსაცმლისა და მაღალი მოდის დიზაინერად ჩამოყალიბდა. არავინ თქვას, რომ ეს ერთი და იგივეა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრია. ძალიან ცოტა დიზაინერი ცდილობს სასცენო კოსტიუმების შექმნას. ლაშას აქაც და იქაც,  კარგი ხარისხი აქვს. შარშანდელთან შედარებით წელს სულ სხვა დონეა, რაც ძალიან მიხარია.ყოჩაღ ლაშას.

ძალიან მომეწონა რიგით მეორე კოსტიუმი, შავი ქვედაბოლო და ზედა, რომელსაც შემდეგში სხვა მოდის კვირეულებზე „გავასეირნებ“ (იღიმის).

ხატია შამუგია:

ძალიან მომეწონა, ველოდებოდი, რომ ლაშას კოლექცია ქალური, ჰაეროვანი და გამოსასვლელი იქნებოდა, თუმცა მოლოდინს გადააჭარბა. სულ საღამოს კაბებს ველოდებოდი, მაგრამ შერეული სამოსი წარმოადგინა.  თამამი კოლექცია იყო, მაგრამ შიგნით თუ რამეს ჩაიცვამ, შეიძლება ამ გამჭირვალე სამოსის მორგებაც. ისეთი ქსოვილები ჰქონდა გამოყენებული… გადავირიე მოსასხამზე, რომელსაც მძივებად ბურთები ეკიდა…

საერთოდ, ლაშა ძალიან გემოვნებიანი ადამიანია და ქალის სილუეტს უსვამს ხაზს. მადლობა მას და თბილისის მოდის კვირეულს, რომელიც მუდამ გამოირჩევა მაღალი ორგანიზებით….

თბილისის მოდის კვირეული დღეს, ხვალ და ზეგ სხვადასხვა დიზაინერის კოლექციების ჩვენებებით გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები