LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა თორდია მოწმეებზე მუქარას უარყოფს

94

ლაშა თორდია მოწმეებზე მუქარასა და დაცინვას უარყოფს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თქმით, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა „სამარცხვინო განცხადება გააკეთეს“.

„ჩვენ მორიგი სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ ადვოკატების მხრიდან, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. მთავარია, რომ სისხლის სამართლის საქმე არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რათა არ მოხდეს ვიდეოჩანაწერების ამოღება. მე მართლაც მინდა მოვუწოდო ყველა მოწმეს, რომ მათ ღიად ისაუბრონ იმაზე, რაც მოხდა იმ დაწესებულებაში. მე არანაირ მუქარას და დაცინვას არ ვახორციელებ. მე არავინ მომიხსენიებია ცინიკურად, გარდა ადვოკატებისა“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, დასკვნას, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუშაობდა და რომელიც ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებს შეეხება, მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ ლაშა თორდია „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებზე ზეწოლას ახორციელებს.

„ჩვენი ასეთი სახის ღია მოწოდება ნებისმიერი თვითმხილველი პირის მიმართ განპირობებულია იმით, რომ ინფორმაციის შეგროვების დროს უკვე არაერთმა ნეიტრალურმა პირმა, რომელიც სტუმრობდა მოცემულ კაფე-ბარს და იყო თვითმხილველი მომხდარისა, უარი განაცხადა გამოკითხვაზე. მათი მხრიდან აპელირება გაკეთდა ლაშა თორდიას სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც ეს უკანასკნელი ცინიზმით მოიხსენიებს საკუთარ მოქალაქეებს და აცხადებს, რომ მათ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის მუქარამ თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს უკვე არაერთი ნეიტრალური ადამიანი უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე. ბატონი თორდიას მუქარები ამით არ დასრულებულა და ის უკვე საჯაროდ გადასულია ადვოკატისა და ბატონ ოთარ ფარცხალაძის ირიბ მუქარაზე. შევახსენებთ თორდიას, რომ როგორც პროვოკაცია, ცრუ დასმენა, მუქარა და ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა დასჯადია კანონმდებლობით და ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მისგან განსხვავებით, დროულად შევატყობინებთ სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები